ძალადაკარგულია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 03/21/2006 N212 ბრძანებით რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.11.101.006.485 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება N53 2004 წლის 11 მაისი ქ. თბილისი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“, „საქართველოს მთავრობის, სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს განათლების მინისტრის 2001 წლის 27 სექტემბრის N225 ბრძანება „საქართველოს განათლების სამინის-ტროს აპარატის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამინისტროთა აპარატების, სისტემის საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, საკონკურსო-საატესტაციო დებულების დამტკიცების თაობაზე (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2001 წ., N108 მუხ.780)”. 3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. ა. ლომაია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი1. გამოყენების სფერო ეს დებულება შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”, „მთავრობის, სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად. იგი განსაზღვრავს საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, მოხელეთა რეზერვის ფორმირებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესებს. თავი II. საკონკურსო-საატესტაციო კომისია მუხლი 2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა 1. საჯარო მოხელის ან მოსამსახურეთათვის კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, რეზერვის ფორმირების წესებს განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისია (შემდგომში – კომისია), რომლის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები. 2. კომისიის თავმჯდომარე ინიშნება სახელმწიფო სამსახურის ბიუროს მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით, ხოლო თავმჯდომარის მოადგილე, წევრები და მდივანი, თავმჯდომარის მიერ მინისტრთან შეთანხმებით. 3. კომისიის წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 4. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ცვლის თავმჯდომარეს მისი არყოფნის შემთხვევაში. 5. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ სპეციალისტები. 6. საკონკურსო-საატესტაციო კომისიები აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამინისტროებში იქმნება კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 3. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა საჭიროების შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესით კომისია შეიძლება დაკომპლექტდეს სპეციალიზებული შემადგენლობით, რომელსაც ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე. მუხლი 4. კომისიის რეგლამენტი 1. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს კომისიის თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმებით. 2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით, დამსწრე წევრთა საერთო რიცხვიდან. ხმების თანაბარი განაწილების შემთხვევაში თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად. 4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული გადაწყვეტილება დაურთოს ოქმს, რის შესახებაც კეთდება აღნიშვნა. 5. სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს მოსამსახურეთა ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის მოწყობასა და ატესტაციის ჩატარებას. თავი III. კონკურსი მუხლი 5. კონკურსის მიზანი 1. კონკურსის მიზანია საჯარო მოხელის ან დამხმარე მოსამსახურის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნ პირთა შერჩევა და რეზერვის ფორმირება. მუხლი 6. კონკურსის გამოცხადება 1. კონკურსს მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად აცხადებს სახელმწიფო სამსახურის ბიუროს უფროსი ამ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის წინადადებით. 2. კონკურსი ცხადდება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში, კონკურსი შეიძლება აგრეთვე გამოცხადდეს მასმედიის სხვა საშუალებებით. 3. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა ტარდება არა უადრეს სამი კვირისა კონკურსის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან. მუხლი 7. საკონკურსო კომისიის სამდივნო 1. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით მინისტრის ბრძანებით იქმნება საკონკურსო კომისიის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო). სამდივნოს ხელმძღვანელობს უფროსი. 2. სამდივნოს ევალება კონკურსის მოსამზადებლად ყველა აუცილებელი ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტა, მათ შორის კანდიდატთა განცხადებების მიღება, მათი საბუთების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება და დოკუმენტების კომისიისათვის წარდგენა. 3. კონკურსთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვის ვადაა 5 წელი. 4. კონკურსის დამთავრებისა და კონკურსის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს არსებობას. მუხლი 8. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება მოხელის კანდიდატს 1. სამინისტროს სისტემის ორგანოების საჯარო მოხელის ან მოსამსახურის კანდიდატი შეიძლება იყოს: ა) საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც მიაღწია 21 წლის ასაკს; ბ) აქვს შესაბამისი უმაღლესი განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას. 2. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები საჯარო მოხელის და მოსამსახურისათვის განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. მუხლი 9. კონკურსისათვის წარმოსადგენი საბუთები 1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა საკონკურსო კომისიის სამდივნოში უნდა წარადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ)ავტობიოგრაფია; გ) განათლების ან შესაბამისი კვლიფიკაციის მოწმობა; დ) შრომის წიგნაკი. მუხლი 10. კანდიდატის უფლება შეცვალოს განცხადებაში მითითებული საკონკურსო ადგილი კანდიდატს რეგისტრაციის ვადის განმავლობაში უფლება აქვს გამოიტანოს განცხადება ან შეცვალოს საკონკურსო ადგილი შესაბამისი განცხადებით. მუხლი 11. კონკურსის პირობები 1. კონკურსი შეიძლება ჩატარდეს ტესტირებული ან/და გასაუბრების ფორმით, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი. 2. ტესტირების ან გასაუბრების თემატიკის შესახებ კანდიდატები კონკურსამდე ერთი კვირით ადრე მაინც უნდა იყვნენ ინფორმირებული. მუხლი 12. ტესტირება 1. ტესტირება ტარდება წერილობითი ფორმით. ტესტირების თემატიკას და პროგრამას საჯარო მოხელის ან მოსამსახურის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით განსაზღვრავს მინისტრი. 2. ტესტირებით შეიძლება აგრეთვე შეფასდეს კანდიდატის პიროვნული თვისებები. 3. ტესტირების ჩატარების წესებს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი. 4. კონკურსანტმა დადებითი შეფასების მისაღებად სწორად უნდა უპასუხოს შეთავაზებული ტესტების 75%-ს. მუხლი 13. გასაუბრება საჯარო მოხელის ან მოსამსახურის პროფესიული ჩვევების შესაძლებლობისა და პირადი თვისებების დასაკავებელ თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება შესაძლებელია ზეპირი გასაუბრების გზით. მუხლი 14. კომისიის მიერ კანდიდატურების განხილვა 1. კომისია კანდიდატების ტესტირების ან გასაუბრების შემდეგ თავის სხდომაზე განიხილავს საკითხს მათ დაუსწრებლად. 2. კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს. მუხლი 15. კენჭისყრის წესი და გადაწყვეტილების მიღება 1. გადაწყვეტილების მისაღებად კომისია თავის სხდომაზე ატარებს ღია კენჭისყრას. 2. კონკრეტულ ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე. 3. გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. 4. იმ კანდიდატების მიმართ, რომლებმაც თანაბარი ხმები მიიღეს, ხელახლა ეწყობა კენჭისყრა. 5. იგივე შედეგის შემთხვევაში ყურადღება ექცევა კანდიდატის საქმიან რეპუტაციას. 6. კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატზე იწერება მოტივირებული დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. მუხლი 16. კონკურსის შედეგი 1. ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კომისია წარმოაყენებს კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე. 2. კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 2 დღისა აცნობებს ყველა კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს კი – კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის შესახებ. 3. კონკურსის შედეგების შესახებ მინისტრს მოხსენდება კონკურსის ჩატარებიდან არა უგვიანეს 2 დღის ვადაში. 4. მინისტრი ან კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე სხვა პირი კომისიის დასკვნის გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას პირის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე. მუხლი 17. ჩაშლილი კონკურსი კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე. თავი IV. მოხელის ატესტაცია მუხლი 18. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი 1. ატესტაციას ექვემდებარება: ა) მოხელე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი); ბ) მოხელე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის; გ) რეზერვში ჩარიცხული პირი; დ) კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავონ. მუხლი 19. ატესტაციის დრო 1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს მინისტრი კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. 2. ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს ატესტაციის შესახებ უნდა ეცნობოს 14 დღით ადრე მაინც. მუხლი 20. ატესტაციის ჩატარების წესი 1. ატესტაციის ჩასატარებლად 10 დღით ადრე დგება დახასიათება მოხელის უშუალო ხელმძღვანელის წინადადების საფუძველზე, მინისტრის იმ მოადგილის მიერ, რომელიც კურირებს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს. დახასიათება მოიცავს პირის ყოველმხრივ შეფასებას, მის ინდივიდუალურ თვისებებს. 2. მოხელეს უფლება აქვს ატესტაციამდე ერთი კვირით ადრე გაეცნოს მასზე შედგენილ დახასიათებას. 3. ატესტაცია ტარდება სამინისტროს სისტემისა და სტრუქტურული ერთეულის ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანდასწრებით, რომელშიც პირი მუშაობს. 4. ატესტაცია შეიძლება ჩატარდეს გასაუბრების ან ტესტირების გზით. ატესტაციის მიზანია დადგინდეს საჯარო მოხელის ან მოსამსახურის შესაბამისობა მოცემული თანამდებობის დასაკავებლად წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან. ატესტაციისათვის თემატიკას მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით განსაზღვრავს მინისტრი. 5. კომისია ეცნობა მოხელის შესახებ წარმოდგენილ დახასიათებას, ამოწმებს ტესტირების შედეგებს (დადებით შედეგად ჩაითვლება შეთავაზებული ტესტის 75%). 6. გასაუბრების გზით ატესტაციის ჩატარებისას საჯარო მოხელის ან მოსამსახურის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით კომისია ისმენს მოხელის ან მოსამსახურის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის ცოდნას საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად და უსვამს მას კითხვებს მის სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მუხლი 21. მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება 1. ატესტაციისას კენჭისყრისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ დებულების მე-15 მუხლით. 2. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დასკვნა: ა) შეეფერება დაკავებულ თანამდებობას; ბ) ნაწილობრივ შეეფერება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას) და ერთი წლის შემდეგ გაივლის ხელახალ ატესტაციას; გ) არ შეეფერება დაკავებულ თანამდებობას და საჭიროა მისი ჩამოქვეითება; დ) უნდა გათავისუფლდებს დაკავებული თანამდებობიდან. 3. კომისია ვალდებულია მოტივირებული დასაბუთებით გამოიტანოს დასკვნა, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და წევრები. 4. ატესტაციის შედეგების შესახებ მოხელეს ეცნობება დაუყოვნებლივ კენჭისყრის დამთავრების შემდეგ, რაც დასტურდება საატესტაციო ფურცელში მისი ხელმოწერით. 5. ატესტაციის შედეგები შეტანილ უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ პირად და დახასიათებასთან ერთად დაერთვის მოხელის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. მუხლი 22. დავები ატესტაციასთან და კონკურსთან დაკავშირებით 1. დავები, რომლებიც წარმოიშობა ატესტაციასთან და კონკურსთან დაკავშირებით, წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. მინისტრის ბრძანებით შეიძლება შეიქმნას საპრეტენზიო კომისია, რომლის მუშაობის წესს განსაზღვრავს მინისტრი. თავი V. საჯარო მოხელეთა რეზერვი მუხლი 23. საჯარო მოხელეთა რეზერვის მიზანი საჯარო მოხელეთა რეზერვის მიზანს წარმოადგენს: ა) საჯარო მოხელეთა კანდიდატების შერჩევა; ბ) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წინაშე კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში საჯარო მოხელისათვის სამსახურის ადგილის გამოძებნა; გ) სამსახურიდან გათავისუფლებული პირებისათვის სამსახურის ახალი ადგილის გამოძებნა. მუხლი 24. რეზერვში ჩარიცხულ მოხელეთა აღრიცხვა რეზერვში ჩარიცხულ საჯარო მოხელეთა აღრიცხვას აწარმოებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია. მუხლი 25. რეზერვში ჩარიცხული პირის სტატუსი რეზერვში ჩარიცხული პირის სამართლებრივი სტატუსი, მისი უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 113-120-ე მუხლებით. მუხლი 26. დავები ატესტაციასთან და კონკურსთან დაკავშირებით 1. დავები, რომლებიც წარმოიშობა ატესტაციასთან და კონკურსთან დაკავშირებით, წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. მინისტრის ბრძანებით შეიძლება შეიქმნას საპრეტენზიო კომისია, რომლის მუშაობის წესს განსაზღვრავს მინისტრი.
|