პროგრამის მიზანია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ინგლისური ენის სწავლისა და სწავლების ხელშეწყობა. ამ მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2009 წლიდან ახორციელებს მოსწავლეზე ორიენტირებულ პროგრამებს, რომელიც შესაბამისად გაზრდის საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთა ინტერესს ინგლისური ენის უკეთ სწავლისადმი და ხელს შეუწყობს საზაფხულო სკოლებში ჩართულ მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას.
აღნიშნული პროგრამა წარმოადგენს მრავალწლიანი სტრატეგიის ნაწილს, რაც გულისხმობს საერთაშორისო ბაზარზე ქართული სკოლების კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობის გაზრდას და ამავე ბაზარზე მათი ინტეგრირების ხელშეწყობას.
“ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების პროგრამის” ფარგლებში ორივე აქტივობას (ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები საქართველოში; ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები გაერთიანებულ სამეფოში) აფინანსებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები საქართველოში მოიცავს:
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების 2010 წლის მაისის მდგომარეობით მე-8 მე-9, მე-10, და მე-11 კლასის 1200 მოსწავლისთვის (რომლებიც შეირჩევიან საგნობრივი ოლიმპიადებისა და სხვადასხვა კონკურსებში მონაწილეობის შედეგების და ინგლისური ენის საბაზისო ცოდნის საფუძველზე) 3 კვირიანი ინგლისური ენის საზაფხულო სკოლების მოწყობას საქართველოში;
ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები გაერთიანებულ სამეფოში მოიცავს:
ინგლისური ენის საზაფხულო სკოლების მონაწილე 1200 მოსწავლიდან შერჩეული 108 საუკეთესო მოსწავლის გამგზავრებას და გაერთიანებულ სამეფოში ინგლისური ენის შემსწავლელ საზაფხულო სკოლებში 2 კვირის ვადით მონაწილეობას.
ინგლისურენოვან საზაფხულო სკოლებში მოწვეულ იქნა სამი უცხოელი (ინგლისურენოვანი) ექსპერტი, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს პროექტის წარმატებით განხორციელებაში. კონკურსის წესით საქართველოში შერჩეული იქნება 3 უფროსი მასწავლებელი, 27 მასწავლებელი და 27 ლიდერი. საზაფხულო სკოლების შეუფერხებელი ფუნქციონირებისა და მართვის მიზნით დაქირავებულ იქნებიან საზაფხულო სკოლების ადმინისტრაციული ასისტენტები.
საქართველოს უფროსკლასელ მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამა ამერიკის შეერთებულ შტატებში
ამერიკელი და ქართველი ახალგაზრდების ურთიერთგაცნობისა და თანამშრომლობის, აგრეთვე ქართულ და ამერიკულ სკოლებსა და საზოგადოებას შორის ნაყოფიერი კავშირების დამყარების მიზნით, საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების – ACTR/ACCELS, ერთის მხრივ, და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, მეორეს მხრივ, დაიდო ხელშეკრულება (მემორანდუმი) ახალი გაცვლითი პროგრამის ორგანიზებისა და განხორციელების თაობაზე, რომლის ფარგლებშიც უფროსი კლასების ქართველ მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცემათ, 2009-2011 წწ. იცხოვრონ და ისწავლონ ერთი აკადემიური წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში.
2010 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს მიერ აღნიშნული პროგრამა განხორციელდება ორგანიზაცია ”ამერიკული საბჭოების” ადმინისტრირებით. მოსწავლეების შერჩევა უკვე განხორციელდა სამტურიანი კონკურსის სისტემით პროგრამა “FLEX”-ის ანალოგიურად.
პროგრამის ფარგლებში 2010 წელს შესაბამისად ისევ 100 ფინალისტს მიეცემა საშუალება მონაწილეობა მიიღოს ზემოთ აღნიშნულ პროგრამაში. 50 მოსწავლის დაფინანსებას უზრუნველყოფს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, ხოლო 50-ის დაფინანსება მოხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.