საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინიციატივით, სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ორგანიზატორებისთვის რეგულაციები გამკაცრდა და ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტით დარეგულირდა ექსკურსიებში მონაწილე მხარეების უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობები.
ახალი მიდგომით, სკოლას დაევალა გადამყვანი კომპანიისგან/ფიზიკური პირისგან მოითხოვოს მძღოლის კვალიფიკაციისა და ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტები. სკოლის დირექცია დაგეგმილი ექსკურსიის თარიღის, ლოკაციის, აქტივობების, მონაწილე არასრულწლოვანი და სრულწლოვანი პირების შესახებ სრულად უნდა იყოს ინფორმირებული. ექსკურსიის ორგანიზატორი/ხელმძღვანელი შესაძლოა იყოს მოსწავლის წარმომადგენელი, მასწავლებელი ან სკოლაში დასაქმებული სხვა პირი;
ექსკურსიის ხელმძღვანელს სრულყოფილად უნდა ჰქონდეს მონაწილე მოსწავლეებისა და მშობლების მონაცემები, მათ შორის, ინფორმაცია მონაწილე მოსწავლის სპეციალური საჭიროებების შესახებ. აუცილებელია ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდეს სრულწლოვანი პირი, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უნარ-ჩვევა ექნება. ბავშვების კვების მიზნით საკვები პროდუქტების ტრანსპორტირება უნდა ხორციელდებოდეს სანიტარული პირობების დაცვით. ექსკურსიის განხორციელების წესის დაცვა სავალდებულოა როგორც სკოლის, ასევე, მშობლების მიერ სასკოლო დროს ორგანიზებულ ექსკურსიებზე. აღნიშნული წესის დარღვევისას გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხისმგებლობა.
აღნიშნული წესი უკვე დაეგზავნა ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას და სამინისტრო მოუწოდებს ყველა საჯარო და კერძო სკოლას, რომ აღნიშნული აქტის ყველა მუხლი ზედმიწევნით დაიცვან.
აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად ჯერ კიდევ 2016 წელს შეიმუშავა ექსკურსიების ორგანიზებასთან დაკავშირებული რეკომენდაცია, რაც ასევე სავალდებულო იყო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულბებისთვის, თუმცა, არ ვრცელდებოდა მშობლების მიერ სასკოლო დროს ორგანიზებულ ექსკურსიებზე.
იხილეთ ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტი:
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა ექსკურსიების განხორციელების წესი
1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა ექსკურსიების განხორციელების წესი (შემდგომ - წესი) განსაზღვრავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა ექსკურსიების დაგეგმვის, განხორციელების, აგრეთვე მოსწავლეების, მათი წარმომადგენლების, მასწავლებლების და ექსკურსიის განხორციელებაში მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობებს და პასუხისმგებლობებს.
2. ეს წესი ვრცელდება სკოლისა და მშობლების მიერ სასკოლო დროს ორგანიზებულ ექსკურსიებზე.
3. წესში გამოყენებულ ტერმინებს ამ წესის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ექსკურსია - სკოლის მიერ გასართობი, შემეცნებითი-სასწავლო მიზნებისათვის სასკოლო დროს განხორციელებული აქტივობა, რომელიც მოიცავს მოსწავლეთა, მოსწავლის წარმომადგენელთა და მასწავლებელთა ტრანსპორტით გადაადგილებას მათ მიერ განსაზღვრულ ლოკაციაზე კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
ბ) ექსკურსიის ორგანიზატორი - სრულწლოვანი პირი, რომელიც ორგანიზებას უწევს ექსკურსიას. ორგანიზატორი შესაძლებელია იყოს მოსწავლის წარმომადგენელი, მასწავლებელი ან სკოლაში დასაქმებული სხვა პირი;
გ) ექსკურსიის ხელმძღვანელი - სრულწლოვანი პირი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს კონკრეტულ ექსკურსიაში და პასუხისმგებელია მგზავრობის პროცესში და ექსკურსიის ლოკაციაზე მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე. ექსკურსიის ხელმძღვანელი შესაძლებელია ამავდროულად იყოს ექსკურსიის ორგანიზატორი;
დ) მოსწავლე - პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ირიცხება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ე) მოსწავლის წარმომადგენელი - მშობელი, მეურვე ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი;
ვ) სასკოლო დრო - სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროცესის, აგრეთვე სკოლის მიერ ინიცირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობის დრო.
4. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 2. ექსკურსიის ორგანიზატორისა და ხელმძღვანელის მოვალეობები
მუხლი 3. ტრანსპორტირების წესი
მუხლი 4. პასუხისმგებლობა
ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.