საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა USAID-ის, მსოფლიო ბანკისა და UNICEF-ის მიერ ორგანიზებული კონფერენცია გახსნა სახელწოდებით „პანდემიის შემდგომი ნაბიჯები დაწყებით საფეხურზე“. მინისტრმა დისტანციურ ფორმატში სიტყვით მიმართა კონფერენციის მონაწილეებს და მათ წარმატება უსურვა.
პირველი კლასიკური გიმნაზიის მე-11 კლასის მოსწავლე ბაია გრძელიშვილი მომავალ წელს ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლაში სრული დაფინანსებით ისწავლის. პენსილვანიის შტატის “ Perkiomen School” –ში სწავლის უფლება მან ASSIST სასტიპენდიო პროგრამაში გამარჯვებით მოიპოვა, რასაც უდიდეს წარმატებად მიიჩნევს და მიღებული შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას აპირებს. 2022 წლის ივნისში ის უკვე აშშ-ში როჩესტერის GENIUS საერთაშორისო ოლიმპიადაშიც მიიღებს მონაწილეობას ფიზიკისა და ბიოლოგიის სექციაში. ირწმუნება, რომ საქართველოს აუცილებლად ასახელებს, რადგან ამისთვის ბავშვობიდან ბევრს შრომობს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლაოღლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ქამრან აფანდიევი 5 წელია ქართულ ენას ასწავლის. ინფორმატიკის ფაკულტეტზე სწავლისას მას სულ სხვა გეგმები ჰქონდა, მაგრამ სწავლის დასრულების შემდეგ სოფელში დაბრუნება და მიღებული ცოდნის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის გაზიარება ამჯობინა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ფიზიკისა და მათემატიკის საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებულ მოსწავლეებსა და მათ მწვრთნელებს უმასპინძლა, წარმატება პირადად მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.