საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ნიუ-იორკის უნივერსიტეტის (NYU) პრეზიდენტთან, ენდრიუ ჰამილტონთან გამართა შეხვედრა. მიხეილ ჩხენკელმა უნივერსიტეტის პრეზიდენტს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის კუთხით სამინისტროს პოლიტიკა გააცნო.
ამერიკელი მეცნიერი და ქართველოლოგი, პროფესორი სტივენ ჯონსი, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამას უხელმძღვანელებს.
„ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას ჩაეყარა საფუძველი. ეს იქნება ამერიკულ უნივერსიტეტში არსებული ქართველოლოგიის პირველი ცენტრი. ეს დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო, მე თუ მკითხავთ, – ამის შესახებ დევისის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდრა ვარკრუმ, ჰარვარდის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამის საინაუგურაციო ღონისძიების შემდეგ განაცხადა.
ჰარვარდის უნივერსიტეტის პრორექტორი მარკ ელიოტი: „ჰარვარდი ამაყობს და სიხარულით უღებს კარს ამ მნიშვნელოვან პროგრამას. ქართული ცივილიზაცია ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. ის გონებათა და ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე იმყოფება. ჩვენთვის პრივილეგიაა ჰარვარდში საქართველოს შესახებ სასწავლო პროგრამის დანერგვა, რაც ქართველ მეცნიერებსა და სტუდენტებს ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩამოსვლის შესაძლებლობას მისცემს. თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ ჰარვარდის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებსაც შეეძლებათ საქართველოს შესახებ ინფორმაციას გაეცნონ, იმოგზაურონ და საკუთარი თვალით ნახონ ეს ქვეყანა.