განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით პროფესიული კვალიფიკაციების გადახედვას იწყებს, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზსა და სისტემაში დაგროვილ გამოცდილებას ეფუძნება. აღნიშნული პროცესის მიზანია საქართველოს კვალიფიკაციების სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება, პროფესიული განათლების მოდერნიზაცია და საერთო ევროპულ სივრცეში მისი ინტეგრაციის ხელშეწყობა. აღსანიშნავია, რომ კვალიფიკაციების გადახედვის პროცესში აქტიურად ჩაერთვება კერძო სექტორი და დარგობრივი ასოციაციები.
გლდანის პროფესიულმა კოლეჯმა დასაქმების ფორუმს უმასპინძლა, სადაც ოცდათხუთმეტმა ბიზნესკომპანიამ შრომის ბაზარზე აქტიური 500-ზე მეტი ვაკანსია წარმოადგინა მომსახურების, სავაჭრო, სასტუმრო და სარესტორნო, სამრეწველო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, სამშენებლო, სადაზღვევო და ჯანდაცვის სფეროებიდან.
12 ივლისიდან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება და 20 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თეატრალური კოსტიუმისა და აქსესუარების პროფესიულმა სკოლამ „თეატრალური კოსტიუმის მკერავის“ და „თეატრალური კოსტიუმის აქსესუარისა და ქვილთის სპეციალისტის“ პროფესიული გადამზადების პროგრამები განახორციელა. პროექტის ფარგლებში თეატრისა და კინოს კოსტიუმთა მხატვრები და აქსესუარების სპეციალისტები გადამზადდნენ, რომლებმაც სხვადასხვა ეპოქისა და თემატიკის ნამუშევრები შექმნეს, მათ შორის, ნაციონალური სამოსი, რენესანსის, ბაროკოს, როკოკოს ეპოქების კოსტიუმები და აქსესუარები, ქართული ქვილთითა და ნაჭრის მოხატვის ტექნიკით შესრულებული სამოსი და სხვა.