ზოგადი მიმოხილვა

მოგესალმებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების ვებ გვერდზე. 

აღნიშნულ ელექტრონულ რესურსზე თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ სამინისტროს მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებულ საჯარო ინფორმაციას, ასევე მოითხოვოთ საჯარო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით.

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ განთავსებულ ინფორმაციას:

საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩა­ნაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავში­რებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებუ­-ლების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია;

ნებისმიერ პირს (ფიზიკურს და იურიდიულს, საჯარო დაწესებულებას) აქვს უფლება მიმართოს სამინისტროს და მოითხოვოს ამ უწყებაში დაცული საჯარო ინფორმაცია, გარდა სხვისი პერსონალური მონაცემების ან კომერციული საიდუმლოების, აგრეთვე სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციისა.

ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. თუ არსებობს დედნის დაზიანების საფრთხე, სამინისტრო ვალდებულია უზრუნველყოს ზედამხედველობის ქვეშ მისი გაცნობის შესაძლებლობა ან წარუდ­გინოს სათანადო წესით დამოწმებული ასლი.

საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი სამინისტროში წარადგენს წერილობით განცხადებას. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, საჯარო დაწესებულების ელექტრონული რესურსების (ბმული – მოითხოვე საჯარო ინფორმაცია) აგრეთვე მოქალაქეთა ელექტრონული პორ­ტალის – MY.GOV.GE საშუალებით.

აუცილებელი არ არის, განცხადებაში მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი. სხვისი კომერციული საიდუმლოების, ან პერსონალური მონაცემების მოთხოვნის თაობაზე განცხადების შეტანისას განმცხადებელი, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წარადგენს შესაბამისი პირის სანოტარო წესით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამოწმებულ თანხმობას (აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სამინისტროს თანამდებობის პირთა პერსონალური მონაცემების გაცემის მოთხოვნაზე).

საკუთარი პერსონალური მონაცემების, ან კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის მოთხოვნისას, განმცხადებლის იდენტიფიცირების მიზნით პირმა განცხადებას უნდა დაურთოს მისი პიროვნების მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, პასპორტი და სხვ.) ასლი. 

საჯარო ინფორმაციის ასლები ხელმისაწვდომია და დაუშვებელია დაწესდეს რაიმე სახის საფასური საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის, გარდა ასლის გადაღებისათვის აუცილებელი თანხის (მოსაკრებლის) ანაზღაურებისა (“საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად);

სამინისტროში დაცული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი შეადგენს:

ა) A4 და A5 ფორმატის ქაღალდის ქსეროასლი – ერთი გვერდი – 0,05 ლარს;

ბ) ლაზერულ პრინტერზე ამობეჭდვა – ერთი გვერდი – 0,10 ლარს;

გ) კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერა – 1 დისკი – 2,65 ლარს;

დ) დისკეტაზე ინფორმაციის ჩაწერა – 1 დისკეტა – 1,3 ლარს;

ე) ინფორმაციის ჩაწერა ინფორმაციის მომთხოვნის ვიდეოკასეტაზე – 1 საათი – 2,75 ლარს;

ვ) ინფორმაციის ჩაწერა ინფორმაციის მომთხოვნის აუდიოკასეტაზე – 1 საათი – 0,50 ლარს.

საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი გადაიხდება საბანკო დაწესებულების მეშვეობით შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე:

მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა; მიმღები ბანკის კოდი: TRE SGE 22;

ანგარიშის ნომერი: GE24NB0330100200165022

საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი: 302 003 173

გადახდის დანიშნულება: საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი.

გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის ასლი გაიცემა დაინტერესებული პირის მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის შემდეგ.

საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არ გადაიხდევინება:

ა)ინფორმაციის მომთხოვნის დისკეტაზე ან კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერისას;

ბ) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას (თუ მოთხოვნილი ინფორმაციის ელექტრონულად გაგზავნა შეუძლებელია მისი მოცულობიდან გამომდინარე, სამინისტრო იტოვებს უფლებას პირის თანხმობის შემთხვევაში ინფორმაცია გასცეს კომპაქტურ დისკზე ჩაწერილი სახით და პირს გადაახდევინოს შესაბამისი მოსაკრებელი);

გ) ფიზიკური პირებისათვის საჯარო დაწესებულებაში მათზე არსებული პერსონალური მონაცემების ასლის გადაღებისას.

საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაუყოვნებლივ, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინის­ტრ­აციული კოდექსის მე-40 მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

თქვენთვის საინტერესო სხვადასხვა სიახლეები, მიმდინარე აქტივობების ამსახველი ინფორმაცია და სხვადასხვა სამართლებრივი აქტები, სამინისტროს ვებგვერდის ამ განყოფილების გარდა, ასევე შეგიძლიათ იხილოთ მთავარ გვერდზე (http://www.mes.gov.ge/), რომელზეც ყოველდღიურად ახლდება მონაცემები.

 

ბეჭდვა