გიორგი მაჩაბელი

გიორგი მაჩაბელი გამორჩეული სახელია საქართველოს ახალ ისტორიაში. ის იყო სამშობლოს თავისუფლებისათვის თვალსაჩინო მებრძოლი, ეროვნული და პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი და მილიონერი ბიზნესმენი. ამასთან, მსოფლიო მას იცნობს, როგორც პარფიუმერული ინდუსტრიის პიონერს ამერიკის შეერთებულ შტატებში და სუნამოების სახელგანთქმული ფირმის – ,,პრინცი მაჩაბელის“ ფუძემდებელს.

გიორგი 1885 წელს დაიბადა. ოჯახში მიღებული პირველდაწყებითი განათლების შემდეგ დაასრულა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია, ხოლო უმაღლესი განათლება გერმანიაში, ბერლინის სამთო აკადემიაში მიიღო.

პირველი მსოფლიო ომის წლებში გიორგი მაჩაბელმა სხვა ქართველ ეროვნულ მოღვაწეებთან ერთად ევროპაში ჩამოაყალიბა საქართველოს გათავისუფლების კომიტეტი, რომლის საქმიანობა გერმანიამ დააფინანსა. კომიტეტმა გერმანული წყალქვეშა ნავებით ფარული კავშირი გააბა საქართველოსთან, განახორციელა რამდენიმე ექსპედიცია, რის შედეგადაც აქ შემოიტანა იარაღი და ფული. კომიტეტის წევრების ძალისხმევით (პუბლიკაციები უცხოურ პრესაში, ცალკე წიგნებისა თუ ბროშურების გამოცემა და სხვ.) დასავლეთის საზოგადოებრივი აზრი უფრო ფართოდ გაეცნო საქართველოს პრობლემას. კომიტეტს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის ბრძოლაში.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში გიორგი მაჩაბელი დიპლომატიურ ასპარეზზე მოღვაწეობდა, იყო საქართველოს დესპანი იტალიაში და 1923 წლის ბოლომდე ასრულებდა ელჩის ფუნქციებს.

ევროპიდან გიორგი მაჩაბელი მეუღლესთან ერთად (იტალიელ მსახიობი ნორინა ჯილი, სცენური ფსევდონიმით ,,მარია კარმი“) საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა. აქ მან ჩამოაყალიბა კომპანია ,,პრინცი მაჩაბელი“ საფუძველი ჩაუყარა პარფიუმერულ წარმოებას, იქცა სოლიდურ ბიზნესმენად და დიდი ქონებაც შეიძინა. სათავეში ედგა ამერიკის ქართულ სათვისტომოს, მატერიალურად ეხმარებოდა ემიგრაციაში მიმოფანტულ თანამემამულეებს. გარდაიცვალა 1935 წელს, დაკრძალულია ნიუ-იორკში, ლონგ-აილენდის სასაფლაოზე.

Print Friendly

Leave a Comment