დიმიტრი მეღვინეთხუცესიშვილი

2015 წელს სრულდება დიმიტრი მეღვინეთხუცესიშვილის დაბადებიდან 200 წლისთავი. იგი იყო საქართველოში არქეოლოგიის, როგორც სამეცნიერო დისციპლინის ერთ-ერთი ფუძემდებელი, დრამატურგი, ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, რომელსაც დიდი დამსახურება მიუძღვის ქართულ სიძველეთა და ხელნაწერთა აღმოჩენის, გადმოღების და დამუშავების თვალსაზრისით, მათ შორისაა თავისი მნიშვნელობით უნიკალური „ძეგლი ერისთავთას“ ტყავზე ნაწერი დედანი, ომან ხერხეულიძის ნაშრომი „მეფობა მეფობა ირაკლისა“, მეტეხის ოთხთავი და სხვ.

სწორედ დიმიტრი მეღვინეთხუცესიშვილი იყო მარი ბროსეს მასპინძელი გორში სტუმრობისას, მათ ერთად მოიარეს და აღწერეს ქართლის სიძველეები, ხოლო ბროსეს პეტერბურგში წასვლის შემდეგ მეღვინეთხუცესიშვილმა ეს საქმიანობა დამოუკიდებლად განაგრძო, მოიარა შიდა და ქვემო ქართლი, იმერეთი, სამეგრელო, რაჭა. გადმოწერა და გადახატა უამრავი მატერიალური და სულიერი ძეგლი, მათი წარწერები. შეკრებილ მასალას დიმიტრი აღწერდა და პეტერბურგში უგზავნიდა მარი ბროსეს, რომელსაც ფრანგი მეცნიერი ამუშავებდა და აქვეყნებდა თავის ცნობილ „Rapport“-ებში.

ბროსესა და დიმიტრის მეგობრობა მათი სიცოცხლის ბოლომდე არ შეწყვეტილა.

დიმიტრი იყო ინიციატორი და სულისჩამდგმელი ყველა იმ სასარგებლო საქმისა, რომელიც XIX საუკუნის 60-70 იან წლებში ხიდისთავში მიმდინარეობდა, ეს იქნებოდა სკოლა, ბანკი თუ სხვ. მიუხედავად არცთუ ისე დიდი ქონებისა, აქტიურად ეწეოდა ქველმოქმედებას. წერდა და თანამშრომლობდა სოფლის საჭირბოროტო საკითხებზე „ცისკარში“, „დროებაში“, „ივერიაში“, „სასოფლო გაზეთში“.

დიმიტრი იყო გიორგი ერისთავის აქტიური თანაშემწე, ერთ-ერთი პიონერი ეროვნული თეატრის შექმნის საქმეში და თვითონაც არაერთი ნაწარმოები შექმნა დრამატურგიაში („ვიჭაკი”, „ანჩხლი ცოლი“, „კატა აწონა“ და სხვ.), რომლებიც წარმატებით იდგმებოდა ქართული თეატრის სცენაზე XIX ს-ის 60-70-იან წლებში.

აქტიურად თანამშრომლობდა ცნობილ ქართველ ისტორიკოსთან – დიმიტრი ბაქრაძესთან, რომელიც ხშირად ჩამოდიოდა ხიდისთავში. სწორედ მან დააკავშირა ახალგაზრდა ბაქრაძე ცნობილ ქართველოლოგთან – მარი ბროსესთან 1856 წელს. 1865 წლიდან დიმიტრი ბაქრაძე დაუსიძევდა კიდეც მეღვინეთხუცესიშვილს (ცოლად შეირთო მისი დისშვილი, ანა (ანეტა) მამაცაშვილი. მეღვინეთხუცესიშვილის და – ნინო ცოლად ჰყავდა ცნობილ საზოგადო მოღვაწეს, 1832 წლის მონაწილეს იოსებ ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილს) და მათი კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდა.

დიმიტრი მეღვინეთხუცესიშვილი გარდაიცვალა 1878 წლის 6 დეკემბერს, დაკრძალულია ხიდისთავის სასაფლაოზე, ზედაველას დასავლეთით.

Print Friendly

Leave a Comment