დიმიტრი ყიფიანი

დიმიტრი ყიფიანი დაიბადა 1814 წლის 14 აპრილს გორის მაზრის სოფელ მერეთში. იგი სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც კეთილშობილთა სასწავლებელში გადაიყვანეს. 1831 წელს დიმიტრი გიმნაზიად გადაკეთებულ კეთილშობილთა სასწავლებელში მასწავლებლად დანიშნეს, საიდანაც 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობისათვის გადაასახლეს ქ. ვოლოგდაში. 1837 წელს იგი დაბრუნდა სამშობლოში და მალევე გამოჩნდა საზოგადოებრივ ასპარეზზე.  

XIX საუკუნის 40-80-იან წლების საქართველოში იშვიათია ეროვნული მიზანდასახულობის რამდენიმე მნიშვნელოვანი წამოწყება, რომლის ინიციატორი, ორგანიზატორი ან განმსაზღვრელი მნიშვნელობის მონაწილე იგი არ ყოფილიყო: საბიბლიოთეკო საქმის ორგანიზება, პროფესიული ქართული თეატრის დაარსება, ეროვნული ჟურნალისტიკის ჩამოყალიბება, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“, „ქართული დრამატული საზოგადოების’ დაფუძნება და სხვ.; ამიტომაც უწოდებენ დიმიტრი ყიფიანს „ჩვენს ხუროთმოძღვარს“ (ილია ჭავჭავაძე), „მაღლით ცხებულ და ქვეყნისადმი მიჩენილ მადლიან არსებას… ჩვენს დიდებულ მოძღვარს“ (აკაკი წერეთელი), „მადგარს, ენერგიულსა და პატიოსნების იშვიათ განსახიერებას, მეტისმეტად დიდი ჭკუის, განუზომელი უნარის პატრონს… მთლიან, ნათელ ნატურას, ურყევს პირველი დღეებიდანვე უკანასკნელ დღემდე“ (ნ. ნიკოლაძე), „მოღვაწეს, რომლის სახელი აღბეჭდილია ქართულ ეროვნულ შემეცნების ისტორიაში“ (ა. ჯორჯაძე), „უაღრეს პატრიოტს… ფხიან მუშაკს და მეთაურს ქართული საქმეებისა“ (ე. თაყაიშვილი) და სხვ.

საყურადღებოა მისი მოღვაწეობა საგანმანათლებლო სფეროში: წლების განმავლობაში იყო თბილისის გიმნაზიის საპატიო მზრუნველი, ადგენდა სასწავლო გეგმებსა და პროგრამებს, სახელმძღვანელოებს, იბრძოდა ქართული ენის უფლებებისათვის სკოლებსა თუ სახელმწიფო დაწესებულებებში.

საგულისხმოა, რომ დიმიტრი ყიფიანი  XIX  საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში  გიორგი ერისთავთან ერთად ქართული თეატრის აღდგენის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.

 იგი მონაწილეობდა თეატრალურ წარმოდგენებში, დგამდა სპექტაკლებს (შექსპირი, მოლიერი, გ. ერისთავი…), წერდა რეცენზიებს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის, რომ მან  პირველმა თარგმნა ქართულად შექსპირი („რომეო და ჯულიეტა“); ასევე თარგმნა მოლიერის, ბომარშეს, ჰიუგოსა და სხვ. ნაწარმოებები.

დიმიტრი ყიფიანი რუსეთის მეფის ტახტის ერთგული იყო, ამავე დროს, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული. იგი სწორედ ამ ორი პრინციპის შეუთავსებლობას ემსხვერპლა.

„ამბობენ, – წერდა დიმიტრი ყიფიანი ქართველი ერის დამაწყევარ რუს ეგზარქოსს, – რომ თქვენ დასწყევლეთ ის ქვეყანა, რომელშიაც სამწყსოთ ხართ მოწოდებული და რომელიც მარტოოდენ სიყვარულსა და შეწყალებას მოელოდა თქვენგან. თუ ყოველივე ეს, უფალო, მართალია, თქვენი თანამდებობის ღირსების გადარჩენა მხოლოდ იმით შეიძლება, რომ შეურაცხმყოფელი დაუყოვნებლივ გავიდეს შეურაცხყოფილი ქვეყნიდან“. ეს ფაქტი გახდა მისი გადასახლების საბაბი.

დიმიტრი ყიფიანი სტავროპოლში გადაასახლეს. იგი გადასახლებაში მყოფიც კი საკუთარ სამშობლოსა და ხალხზე ფიქრობდა. მისი მაღალი ზნეობის მაჩვენებელია ის ფაქტი, რომ მან კატეგორიული უარი თქვა შეწყალების თხოვნაზე.

დიმიტრი ყიფიანი 1887 წლის 24 ოქტომბერს მოკლეს სტავროპოლში. მისი მკვლელობის დღეებში ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიაში“ ზედიზედ გამოაქვეყნა ოთხი წერილი, რომლებშიც დიმიტრი ყიფიანის მოღვაწეობასა და ცხოვრების წესზე დაყრდნობით ჩამოყალიბებულია მადლისმქმნელი მამულიშვილის კონცეფცია.

დიმიტრი ყიფიანის დაკრძალვის დღეებში ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა  თავისებურად ახალ საფეხურზე ავიდა. თითქოს ახლა ახდა ილიას დიდი ხნის ნატვრა – მიძინებულმა ქართველმა ხალხმა გამოიღვიძა და ამოძრავდა, ცარიზმის მოხელეებს აგრძნობინა შელახული ეროვნული თავმოყვარეობის  გამო  გამოწვეული  პროტესტის აზვირთებული ძალა.

Print Friendly

Leave a Comment