ვახტანგ VI – ქართული ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფუძემდებელი

nვახტანგ VI (წიგნი)

ვახტანგ VI საქართველოს ისტორიაში შევიდა არა მარტო როგორც მეფე, დიდი საზოგადო, პოლიტიკური და სამეურნეო მოღვაწე, სჯულმდებელი, მთარგმნელი, პოეტი და მწიგნობარი, არამედ, როგორც ქართულ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფუძემდებელი.
ვახტანგმა სპარსულიდან თარგმნა და გადმოაკეთა აღმოსავლური ასტრონომიული ლიტერატურის ისეთი შედევრები, როგორებიცაა: „ასტროლაბის სასწავლებელი წიგნები“, „ქმნულების ცოდნის წიგნი“, „ზიჯი“ და სხვა. ვინაიდან ამ თხზულებებში დიდი ადგილი ეთმობოდა გეოგრაფიის, განსაკუთრებით კი მათემატიკური გეოგრაფიის საკითხებს, მათი საშუალებით ქართულ ენაზე მტკიცე საფუძველი ჩაეყარა როგორც ასტრონომიულ, ისე გეოგრაფიულ ლიტერატურას. ისპაჰანში ვახტანგმა მათემატიკური ხელსაწყოების ცნობილ ოსტატს აბდ-ალ-აიმ უმცროსს დაამზადებინა ქართულწარწერებიანი ასტროლაბები, რომელთა გამოყენებაც მის მიერვე თარგმნილ ლიტერატურასთან ერთად შეასწავლა ცოდნისმოყვარე ახალგაზრდების ჯგუფს თბილისში. ამ ჯგუფმა ვახტანგ VI-ის ხელმძღვანელობით და ასტროლაბების საშუალებით ამიერკავკასიის ტერიტორიაზე ჩაატარა პირველი ასტრონომიული გაზომვები და ტოპოგრაფიული აგეგმვები (1719- 1724).

ჩატარებული უნიკალური ღონისძიებების შედეგად დაგროვილი მდიდარი კარტოგრაფიული მასალა მოგვიანებით საფუძვლად დაედო ვახუშტი ბაგრატიონის მიერ ვახტანგ VI-ის დაკვეთით შესრულებულ რუკების ატლასს.

ქართული მეცნიერების ისტორიაში განსაკუთრებულ მოვლენას წარმოადგენდა ვახტანგ VI-ის მოღვაწეობა მათემატიკის დარგში. ჯერ კიდევ სპარსეთში (1712-1719), „ზიჯიზე“ მუშაობისას, მან შეადგინა მოკლე სახელმძღვანელო არითმეტიკულ მოქმედებებზე სამოცობით სისტემაში, რათა ამის საშუალებით ქართველ მკითხველს გაადვილებოდა ამ თხზულების შესწავლა. მოგვიანებით 1721 წელს, „ქმნულების ცოდნის წიგნის“ გამოქვეყნებით, ვახტანგმა ქართულ ენაზე, ფაქტობრივად, პირველად გამოსცა გეომეტრიის მოკლე სახელმძღვანელო, რომელიც ცალკე თავად შედიოდა ამ თხზულებაში და ევკლიდეს „საწყისების“ I და XI წიგნების მიხედვით იყო შედგენილი.

 მათემატიკური ცოდნა  ვახტანგ VI-მ შემოქმედებითად გამოიყენა თავის მათემატიკურ-გეოგრაფიულ და მათემატიკურ-კალენდარულ კვლევებში. ვახტანგ VI არანაკლებ აქტიურად მუშაობდა  ქიმიის სფეროშიც, პირადად ატარებდა ქიმიურ ექსპერიმენტებს საკუთარ ქიმიურ ლაბორატორიაში. მან შეადგინა შესანიშნავი სახელმძღვანელო „წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიისა ქმნისა”, რომელიც წლების განმავლობაში ირანში, საქართველოსა და რუსეთში იწერებოდა.

Print Friendly

Leave a Comment