სიმონ ყაუხჩიშვილი

სიმონ ყაუხჩიშვილი იყო ცნობილი ქართველოლოგი, კლასიკური ფილოლოგიის ერთერთი ფუძემდებელი, ქართული ბიზანტინოლოგიური სკოლის დამაარსებელი. მან დიდი წვლილი შეიტანა ისტორიოგრაფიისა და არქეოლოგიის განვითარებაში.

1918 წელს მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო მოღვაწეობა, სადაც ასწავლიდა კლასიკურ ენებს, კითხულობდა ბერძნული ლიტერატურისა და ბიზანტიის ისტორიის კურსებს, ეწეოდა სამეცნიერო და მთარგმნელობით საქმიანობას. 1927 წელს ს. ყაუხჩიშვილს ბიზანტინოლოგიის დოქტორის წოდება მიენიჭა და ბიზანტინოლოგიის კათედრის გამგედ დაინიშნა.

მას მინიჭებული ჰქონდა მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება. 1950 წელს იგი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრკორესპონდენტად, ხოლო 1969 წელს _ აკადემიკოსად იყო არჩეული. იგი ასევე იყო რამდენიმე სამეცნიერო საბჭოს, კომისიის და რედკოლეგიის წევრი, ორასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

სიმონ ყაუხჩიშვილის ნაშრომებში გამორჩეული ადგილი უკავია ,,ბერძნული ლიტერატურის ისტორიის” სამტომეულს, რომელშიც განხილულია ელინური, ელინისტური და ბიზანტიური ეპოქის ბერძნული ლიტერატურა. მან დაამკვიდრა მეცნიერებაში ცნება ,,ბიზანტინიზმი”. უაღრესად მნიშვნელოვანია მის მიერ გამოცემული რვა ტომისაგან შემდგარი სერია _ ,,ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ”, ანუ ,,გეორგიკები”, სადაც თავმოყრილია ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ. მან შექმნა ქართულ ისტორიოგრაფიაში პირველი (და დღემდე ერთადერთი) სახელმძღვანელო ბიზანტიის ისტორიაში: ,,ლექციები ბიზანტიის ისტორიიდან” (თბილისი, 1948). 1955-1973 წ.წ. მან გამოსცა ,,ქართლის ცხოვრების” ოთხტომეული. აქ შევიდა ძეგლის ყველა ნუსხაში შემავალი პირველი ხუთი საისტორიო თხზულება (ლეონტი მროველის ,,მეფეთა ცხოვრება”, ჯუანშერის ,,ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა” და ,,ცხოვრება მეფეთმეფისა დავითისი”), ლაშაგიორგის დროინდელი მატიანე და სუმბატ დავითისძის ,,ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა”.

Print Friendly

Leave a Comment