საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეებმა ბაია კვიციანმა და თამარ ღვამიჩავამ უნგრეთის ელჩს საქართველოში ანა მარია შიკოს და რესურსების მართვის სფეროში წამყვანი უნგრული ორგანიზაციის „Prohuman Group” წარმომადგენლებს უმასპინძლეს.
მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს და ერთმანეთს პროფესიული განათლების სწავლების მეთოდების შესახებ საუკეთესო გამოცდილება გაუზიარეს.
მინისტრის მოადგილეებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ საქართველოში პროფესიული განათლება სრულად ესადაგება სწავლების ევროპული საკრედიტო სისტემის სტანდარტებს, რაც საქართველოში გაცემული პროფესიული დიპლომების საერთაშორისო მასშტაბით აღიარებას განაპირობებს.
აღინიშნა, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პროფესიული განათლების სისტემაში აქცენტს დუალურ განათლებაზე, ანუ სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებაზე აკეთებს, რაც პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობას და სტუდენტების შრომის ბაზრისთვის საჭირო უნარებით აღჭურვას უზრუნველყოფს.
უნგრეთის ელჩმა საქართველოსა და უნგრეთს შორის გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე უმაღლესი და პროფესიული განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა და საქართველოსთან ერთობლივი პროექტების განხორციელების მზაობა გამოთქვა.
შეხვედრის ფარგლებში ორგანიზაციის „Prohuman Group” წარმომადგენლებმა უნგრეთში პროფესიული სწავლების აპრობირებული მეთოდების შესახებ პრეზენტაცია გამართეს.
აღსანიშნავია, რომ განათლების სფეროში საქართველოსა და უნგრეთს მრავალწლიანი წარმატებული პარტნიორობა აკავშირებთ. აღნიშნული თანამშრომლობის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს გაცვლითი სასტიპენდიო პროგრამა – “Stipendium Hungaricum“, რომელიც ქართველ და უნგრელ ახალგაზრდებს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს.