საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა და GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ.
თამარ მახარაშვილის თქმით, მომხმარებელთა უფლებების დაცვა არის თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი და ადამიანის უფლებების განუყოფელი ნაწილი. მინისტრის მოადგილის განცხადებით, მოზარდებმა, როგორც საზოგადოების აქტიურმა წევრებმა, ადრეული ასაკიდანვე უნდა იცოდნენ თავიანთი უფლებები, შესაძლებლობები და პასუხისმგებლობები. შესაბამისად, სამინისტრო მოსწავლეებს, დაწყებითი საფეხურიდანვე, აძლევს შესაძლებლობას ამ მიმართულებით აიმაღლონ ცნობიერება.
მემორანდუმის ძირითად მიზანს წარმოადგენს მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, მათ შორის, ერთობლივი ღონისძიებებისა და პროექტების განხორციელება. ასევე, მოსწავლეებში კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის პოლიტიკის მიმართულებით ცნობიერების ამაღლების მიზნით, საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრების გამართვა. კერძოდ, საქართველოს მასშტაბით 50-ზე მეტ სკოლაშია დაგეგმილი მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება.
აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, რომელიც უკვე მესამედ იმართება. ღონისძიების მიზანია საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება.