გაზეთი ”24 საათი” 4 ნოემბერი
სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით პოლიტიკა იცვლება
ნინო ბარაბაძე
2011 წლის 15 სექტემბერიდან საქართველოს ყველა საჯარო სკოლის I-VI კლასების მოსწავლეები ახალი სასკოლო სახელმძღვანელოებით ისწავლიან, რომელიც 5 წლის განმავლობაში არ შეიცვლება. სქემა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეიმუშავა კატეგორიულად გამორიცხავს როგორც შინაარსობრივ, ასევე ტექნურ ხარვეზს, რაც დღეს გადაუჭრელ პრობლემად ითვლება. ამასთან, სახელმძღვანელოების შეძენა ყველასთვის ხელმისაწმდომი იქნება და მომდევნო თაობებს მისი გამოყენება წლების განმავლობაში შეეძლებათ. სამინისტროს მხრიდან ნოვაციური მიდგომა თანაბარ პირობებში ჩააყენებს გამომცემლობებსაც, რადგან სახელმძღვანელოებზე შექმნილი ხელოვნური დეფიციტითა და ხელოვნურად გაზრდილი ფასებით არაკეთილსინდისიერი გამომცემლები მოსწავლეთა მშობლებს სერიოზულად აზარალებენ. ამიტომ, 2010 წლის 2 ნოემბერიდან 2011 წლის 1 მარტამდე განათლებისა და მეცნერების სამინისტრო I-VI კლასების სახელმძღვანელოებზე კონკურსს აცხადებს. მასში მონაწილეობა არა მხოლოდ იურიდიულ, უკვე ფიზიკურ პირსაც შეეძლება. გრიფის მიღების შემთხვევაში სამინისტრო სახელმძღვანელოს თანამესაკუთრე ავტომატურად ხდება, ხოლო მოლაპარაკების შემთხვევაში, საავტორი უფლებასაც, თავად შეიძენს.
2011 წლის 15 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებში ახლადდამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმა ამოქმედდება, რომელიც პირველ საფეხურზე (I-VI კლასი), ხოლო 2012 წელს მეორე საფეხურზე (VII-XII კლასი) დაინერგება. ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში ჰუმანიტარული საგნებისთვის სავალდებულო 60%, ხოლო საბუნებიმეტყველო საგნებისთვის 80%-იანი აუცილებელი კომპონენტი იქნება გათვალისწინებული.
ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვით, ავტომატურად, ყველა გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო გაუქმდება და ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად გრიფი მათ ახალი წესების მიხედვით მიენიჭება. იმ სახელმძღვანელოს გამოცემას, რომელიც სტანდარტს მთლიანად დააკმაყოფილებს ანუ გრიფს მიიღებს, ნებისმიერ სტამბასა თუ გამომცემლობას შეეძლება, რაც თავისუფალ ბაზარზე კონკურენციას და ავტომატურად ფასის დაწევას გამოიწვევს.
ამის გარანტი სამინისტროს მხრიდან ახლებური მიდგომაა, რაც იმაში მდგომარეობს, რომ მას შემდეგ, რაც ამა თუ იმ ავტორის მიერ შექმნილი სახელმძღვანელო გრიფს მიიღებს, მისი თანამესაკუთრე სახელმწიფო ავტომატურად გახდება. ავტორთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში კი სახელმწიფო საავტორო უფლებას მთლიანად შეისყიდის და მისი დაბეჭვდა უკლებლივ ყველა გამომცემელსა და სტამბას შეეძლება, რითაც სახელმძღვანელოებზე მონოპოლიას ვეღარავინ მოიპოვებს. მწარმოებლებს შორის კონკურენცია არა მხოლოდ სახელმძღვანელოების გაიაფებას, მშობლების ხარჯების საგრძნობლად შემცირებსაც გამოიწვევს. ყველა გამომცემელი ვალდებული იქნება სახელმძღვანელოს საავტორო უფლების მქონე პირს მოგების 25 % გადაუხადოს.
ეკონომიკური ფაშიზმი სასკოლო სახელმძღვანელოებით
სასკოლო სახელმძღვანელოების ხარისხთან და დეფიციტთან არსებული სერიოზული პრობლემები როგორც საზოგადოებისთვის, ასევე სამინისტროსთვის კარგადაა ცნობილი. ამ საკითხის მოგვარება სამინისტრომ 2010 წელს დაიწყო და პროცესის შეჩერება მხოლოდ ნაწილობრივ შეძლო. თუმცა, სამინისტრო გარანტიას იძლევა, რომ ორ წელიწადში, 2011-2012 სასწავლო წლებში, ხარვეზი მთლიანად აღმოიფხვრება. გრიფირების წესის ერთ-ერთი ტექნიკური პარამეტრი სახელმძღვანელოებში ჩანაწერების გაკეთების აკრძალვაა. შედეგად, წიგნი მრავალჯერადად გამოსადეგი გახდება. მომავალ წლებში ამ სახელმძღვანელოთი სარგებლობას სხვა მოსწავლეებიც შეძლებენ. ამასთანავე, შეიქმნება მეორადი ბაზარი, რომლითაც სოციალურად დაუცველი ფენები ისარგებლებენ.
რეალობამ გვიჩვენა, რომ სასკოლო წიგნებთან დაკავშირებით პრობლემას რამდენიმე მიზეზი აქვს: საქართველოში ყველას აქვს უფლება სახელმძღვანელო დაწეროს, რომელიც შემდეგ გრიფს იღებს. სწორედ ამის შემდეგ ხდება გარიგება სკოლებსა და ზოგიერთ გამომცემლებს შორის. წინასწარი შეთანხმებით, სკოლები მათ მიერ გამოცემულ სახელმძღვანელოებს ირჩევენ. ამიტომ, აღნიშნული გამომცემლობები მონოპოლიტები ხდებიან.
მოსწავლეთა მშობლებს ალტერნატივა არ აქვთ, უნდათ თუ არა, იძულებულნი არიან, სახელმძღვანელო სწორედ მათთან შეიძინონ. ამასთანავე, გამომცემლები ხელოვნურ დეფიციტსაც ქმნიან, რათა შემდეგ სახელმძღვანელოების ფასი გაზარდონ. მაგალითად წელს, შეიქმნა წიგნების ხელოვნული დეფიციტი და თუ მანამდე 300%-იან მოგებაზე მუშაობდნენ, მოსწავლეთა მშობლების ხარჯზე მოგება 800%-მდე გაზარდეს!
ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, თვალნათლივ იკვეთება, რომ სასკოლო წიგნებთან მიმართებაში არ არსებობს თავისუფალი ბაზარი. მართალია, საბჭოური პოლიტეკონომიით პროდუქტის ფასს თვითღირებულება განსაზღვრავს, მაგრამ სხვა მიდგომა აქვს თავისუფალ ბაზარს – თავისუფალ ბაზარს თვითღირებულება არ აინტერესებს. კონკურენციიდან გამომდინარე, ფასს თავად ბაზარი არეგულირებს. სწორედ ამიტომ, ექსპერტები სახელმწიფო ინტერვენციას სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით გამართლებულად მიიჩნევენ.
დიმიტრი შაშკინი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი: `ესა არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რადგან სახელმძღვანელოებთან შექმნილი პრობლემა ერთხელ და საბოლოოდ მოგვარდება. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით შექმნილი სახელმძღვანელოები 5 წლის განმავლობაში არ შეიცვლება. ახალი მიდგომით, სახელმძღვანელოები იქნება არა მხოლოდ მაღალხარისხიანი და იაფი, არამედ ბავშვები მის გამოყენებას შემდეგ წლებშიც შეძლებენ, რადგან ტექნიკური პარამეტრებით სახლმძღვანელოებში სხვადასხვა დავალებების შესრულება იკრძალება.
ერთადერთი მოტივი, რის გამოც სახელმწიფო სახელმძღვანელოს თანამესაკუთრე ხდება ისაა, რომ ავტორმა დამამუხრუჭებელი ბერკეტი არ შეუქმნას გამომცემლებს. სამინისტროს ვალია, ბაზარზე რაც შეიძლება მეტი მწარმეობელი იყოს, რათა ფასი დარეგულირდეს. სხვა შემთხვევაში, კონკრეტული გამომცემელი კვლავ მონოპოლისტი იქნება”.