6 დეკემბერი, გაზეთი ”24 საათი”
დიმიტრი შაშიკინი: აბიტურიენტებს მომავალი წლისთვის სასიამოვნო სიახლეები მოვუმზადეთ
ნინო ყანჩელი
საქართველოში განათლების რეფორმა სულ უფრო დიდი წარმატებით მიმდინარეობს. რეფორმის მიზანი უკეთესი განათლების სისტემის შექმნა და მომავალი თაობებისთვის უკეთესი განათლების მიიღების შესაძლებლობის მიცემაა. სახელმწიფო მაქსიმალურად ზრუნავს, რომ ქვეყანაში განათლების მაღალი ხარისხი იყოს. ამჯერად განათლების სამინისტრომ ცვლილებები შეიტანა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში. ცვლილების მიზანი - აბიტურიენტებს შეუქმნან კომფორტული გარემო. წარმატებულ რეფორმებზე და მოსალოდნელ ცვილებებზე გვესაუბრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი.
ბატონო დიმიტრი, როგორ შეაფსებდით საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს?
განათლების სისტემაში გატარებული და მიმდინარე რეფორმები გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ქვეყანაში განათლების სისტემა სწორი მიმართულებით ვითარდება. ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღების შემდეგ აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში საკუთარი ნიჭის, შრომისა და ცოდნის წყალობით აბარებენ. საატესტატო გამოცდების დანერგვამ ბავშვები სკოლაში დააბრუნა და წახალისების სწორი სისტემა შექმნა. მანდატურის სამსახურის დანერგვამ სკოლები უსაფრთხო გახადა, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის შემოღებით კი განათლების ხარისხი მკვეთრად გაუმჯობესდა - ამას 2011 წლის საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკაც ადასტურებს. სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების წესის შეცვლის შემდეგ ამაღლდა წიგნების ხარისხი, მათი ღირებულება კი შემცირდა. გაეროს ბავშვთა ფონდის ,,იუნისეფის’’ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა, სადაც განათლების ხელმისაწვდომობა ძალიან მაღალია.
რა მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდება მომავალი წლიდან განათლების სისტემაში?
მომავალი წლისთვის სასიამოვნო სიახლე მოვუმზადეთ აბიტურიენტებს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და პირადად ჩემს ფეისბუქის გვერდზე ხშირად გვეწრდნენ უკმაყოფილო აბიტურიენტები და მათი მშობლები, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადება ძალიან გვიანდებოდა. მათი ეს შენიშვნები სამართლიანი იყო - შედეგების გამოცხადება მართლაც ჭიანურდებოდა თითქმის ყოველ წელიწადს. გარდა ამისა, შედეგების გამოცხადებამდე სრულყოფილად ვერ იწყებოდა სასწავლო პროცესი უმაღლეს სასწავლებლებში.
რა მიზეზით გვიანდებოდა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადება?
ეროვნული გამოცდების ცენტრს მართლაც სჭირდებოდა ორი თვე იმისთვის, რომ სახელმწიფო სასწავლო გრანტების გაცემასთან და, უშუალოდ, უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირებით გამოეცხადებინათ დაფინანსების შედეგები. ამის მიზეზი კი მეორადი ჩარიცხვები იყო. მოგეხსენებათ, 2011 წელს, აბიტურიენტი პრიორიტეტების მიხედვით შემოხაზავდა შვიდ სასურველ ფაკულტეტს სასურველ უმაღლეს სასწავლებელში, თუ ყველა საგანში გადალახავდა მინიმალური კომპეტენციის ზღვარს, მაგრამ დაგროვილი ქულებით არჩეულ შვიდეულში ვერ მოხვდებოდა, უმაღლეს სასწავლებლებში დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე (თუ ასეთი დარჩებოდა) მეორადი ჩარიცხვის შანსი ჰქონდა. სწორედ ეს მეორადი ჩარიცხვები აჭიანურებდა პროცესს.
რა მიზანი დაისახა სამინისტრომ, როგორ გეგმავთ ამ საკითხის გამოსწორებას?
2012 წლის 1 იანვრიდან გაუქმდება მეორადი ჩარიცხვის მექანიზმი. თუმცა, შვიდის ნაცვლად, აბიტურიენტს ოცი სასურველი ფაკულტეტის არჩევის საშუალება ექნება. ამ სიახლის დანერგვით ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 25 აგვისტომდე გახდება ცნობილი. განათლების სამინისტრომ გაითვალისწინა აბიტურიენტთა სამართლიანი შენიშვნები. 2012 წელი აბიტურიენტებისათვის ნაკლებად სტრესული იქნება.
კიდევ თუ ელის რაიმე სიახლე აბიტურიენტებს 2012 წელს?
დიახ, და ეს სიახლე უმაღლესი პროფესიული განათლების IV და V დონეებს ეხება. აბიტურიენტებს, რომლებიც საზოგადოებრივ კოლეჯებში აპირებენ სწავლის გაგრძელებას, ვუქმნით მაქსიმალურ კომფორტს - ერთიან ეროვნულ გამოცდებში ზოგადი უნარების გამოცდაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარს თუ გადალახავენ, აბიტურიენტები აგვისტოში აირჩევენ სასურველ სპეციალობებს. ისივე, როგორც ხდება მაგისტრატურაში მისაღები გამოცდებისას. სტუდენტი წინასწარ არ აფიქსირებს, თუ სად აპირებს სწავლის გაგრძელებას.
აგრეთვე მომავალ წელს სრულად ამოქმედდება აბიტურიენტთა რეგისტრაციის ელექტრონული პროგრამა, რომლის მიხედვითაც აბიტურიენტს შინიდან გაუსვლელად ექნება შესაძლებლობა ონლაინ რეჟიმში დარეგისტრდეს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად და აირჩიოს სასურველი ფაკულტეტეტბი. ეს არის საკმაოდ კომფორტული სერვისი იმის გათვალისწინებითაც, რომ რეგისტრაციის დასრულებამდე აბიტურიენტს ექნება საშუალება ცვლილება შეიტანოს საკუთარ არჩევანში.
თუმცა, აბიტურიენტებისთვის კომფორტულ პირობებზე საუბრისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს განათლების სტანდარტი და მოთხოვნები სახელმწიფოს მხრიდან. 2012 წლიდან უმაღლესი სასწავლებლის ორ სპეციალობაზე - სამედიცინო და იურიდიულზე კომპეტენციის მინიმალური ზღვარი 10-10%-ით გაიზრდება. 2011 წელს მინიმალური ზღვარი სამ საგანში 25%-ით,ხოლო უცხო ენაში 20%-ით განისაზღვრებოდა. მომავალი წლიდან მხოლოდ იურიდიულ და სამედიცინო სპეციალობებზე ეს ზღვარი შესაბამისად 35% და 30% გახდება.
რატომ ეხება ეს ცვლილება მხოლოდ სამედიცინო და იურიდიულ სპეციალობებს?
იურიდიული და სამედიცინო ფაკულტეტები მთელს მსოფლიოში რეგულირებადი პროფესიებია. იურისტის ხელშია სამართალი. ეს პროფესია ადამიანის უფლებებს ეხება და იცავს. ხოლო ექიმების ხელშია ადამიანის სიცოცხლე. ამიტომ განსაკუთებით მნიშვნელოვანია მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება. სამწუხაროდ, საზოგადოებაში ჯერ კიდევ შემორჩენილია ძველი სტერეოტიპები და ძალიან ბევრ ადამიანს, რომელსაც არ გააჩნია შესაბამისი უნარები, მაინც აქვს ამბიცია და სურვილი - გახდეს ექიმი ან იურისტი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში 280-დან მხოლოდ 55 ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებელი დარჩა და სახელმწიფოს მხრიდან გამკაცრებულია პოლიტიკა მათ მიმართ, კიდევ რჩება კერძო უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ და, მაგალითად, სამედიცინო ფაკულტეტზე მეოთხე გამოცდად ისტორიას ან გეოგრაფიას აწესებენ.
როგორ ფიქრობთ, რა მიზანს ემსახურება ისტორიის ჩაბარება უმაღლეს სამედიცინო სასწავლებელში?
ეროვნული გამოცდები ხომ ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს უმაღლეს სასწავლებელს - შეამოწმოს აბიტურიენტის საბაზისო უნარები, რომელიც ადამიანს გამოუმუშავდება ცოდნასთან ერთად. მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდით ცოდნა ვერ შემოწდება. ცოდნას კი მოსწავლე სკოლაში აუცილებელი საგნებით იძენს. ჩემი აზრით, ყველასთვის გასაგებია, რომ ქიმიისა და ბიოლოგიის ცოდნის გარეშე პროფესიონალი ექიმი ვერ ჩამოყალიბდება. მომავალი ექიმისთვის აუცილებელი უნარების შემოწმება მხოლოდ ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით არის შესაძლებელი.
ხშირია შეკითხვები სტუდენტთა მობილობის შესახებ, რა სიახლეები იგეგმება ამ მიმართულებით?
დიახ სტუდენტთა მობილობის პროცესი მკაცრდება და ეს განსაკუთრებით სამედიცინო ფაკულტეტს და საბუნებისმეტყველო მიმართულებებს ეხება. საქმე ის გახლავთ, რომ ზოგჯერ პატარა კერძო უმაღლეს სასწავლებლებს შეცდომაში შეჰყავთ აბიტურიენტები და მათი მშობლები. მაგალითისთვის გეტყვით, რომ სტუდენტებს იმ პერსპექტივით იზიდავენ, რომ მეორე კურსზე ჰუმანიტარული ფაკულტეტიდან მობილობით გადავლენ სამედიცინო სპეციალობებზე. წარმოიდგინეთ, მეორე კურსზე ხვდება ადამიანი სამედიცინო უნივერსიტეტში და თითქმის არ იცის არც ქიმია, არც ფიზიკა, არც ბიოლოგია და არც მათემატიკა, მაგრამ აქვს პრეტენზია, რომ გახდეს ექიმი. მე ხშირად ვხვდები მოქალაქეებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, ყველა ასაკის ადამიანს, მათთან ვსაუბრობ და შემიძლია განვაცხადო, რომ საზოგადოება მიიჩნევს, რომ ახალ 150 საავადმყოფოში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გაიხსნება, პროფესიონალმა ექიმებმა უნდა იმუშაონ. მოქმედი ექიმების დასახმარებლად და მათი კვალიფიკაციის ასამაღლებლად სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს. მაგრამ, ამავდროულად უნდა დავფიქრდეთ, რა მოხდება 5-10 წელიწადში. თუ ჩვენ დღეს არ მოვითხოვეთ მაღალი სტანდარტი უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლებისგან, მერე ძალიან გვიანი იქნება. ისევ დადგება არსებული კადრების კვალიფიკაციის ამაღლების პრობელმა და ა.შ. სტუდენტთა მობილობა იზღუდება იმ თვალსაზრისით, რომ, მაგალითად, ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი სამედიცინოს სტუდენტი ვერ გახდება, ვიდრე ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ ჩააბარებს გამოცდას შესაბამის საგანში, მაგალითად, მათემატიკაში, ან ქიმიაში, ან ფიზიკაში და ან ბიოლოგიაში. ეს ძალიან პრინციპული და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. სტუდენტს, რომელიც მობილობით იცვლის ფაკულტეტს კრედიტები უნარჩუნდება.
როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, რაზე დაყრდნობით?
ეს გადაწყვეტილება სხვადასხვა დარგის ექსპერტებთან, დაახლოებით, 3-თვიანი კონსულტაციების შემდეგ მივიღეთ. მეცნიერები ერთხმად აღიარებენ, რომ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტს აუცილებელია გააჩნდეს საბუნებისმეტყველო და ზუსტი დისციპლინების ათვისების უნარი და ეს უდაო ჭეშმარიტებაა.