გაზეთი ”ვერსია” 19-16 დეკემბერი
განათლების სისტემის 2012 წლის სიახლეები
ნინო ბარაბაძე
2012 წლიდან განათლების სისტემაში რეფორმები გაგრძელდება. ცვლილებები იგეგმება როგორც ზოგადი, ასვე უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებებით. განსაკუთრებული აქცენტი სტუდენტთა დასაქმებაზე და მოსახლეობის გადამზადების პროგრამებზე გაკეთდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უნიკალურ შანსს აძლევს არაავტორიზირებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებსაც - მათ ავტორიზირებულ უნივერსიტეტებში სწავლების საშუალებას აძლევს. პარალელურად, მნიშვნელოვანი სიახლეები მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მეცნიერებსაც ელით.
სტუდენტური დასაქმების პროგრამის ფარგლებში, მომავალ წელს, ზაფხულის არდადეგებზე 25 000 სტუდენტი დასაქმდება. სამინისტროს ინიციატივით, ამოქმედდება ასევე საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის თანახმად, მოსახლეობა ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებებით გადამზადდება. გადამზადების ცენტრები საქართევლოს 15 ქალაქში - რუსთავში, ქუთაისში, ფოთში, ზესტაფონში, გორში, ხაშურში, ზუგდიდში, ბათუმში, ტყიბულში, ონში, ჭიათურში, ახალქალაქში, სამტრედიაში, ოზურგეთსა და თელავში გაიხსნება. მოქალაქეები ინგლისურში, კომპიუტერსა და პროფესიულ ორიენტაციაში გადამზადდებიან.
სამინისტრო საუკეთესო პირობებს სთავაზობს არაავტორიზირებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს. მათ ერთიან ეროვნულ გამოცდებს დაუფინანსებს და გამოცდების ჩაბარების შემთხვევაში, დაგროვილ კრედიტებს უღიარებს. დაახლოებით 35 არაავტორიზებულ სასწავლებელში, დღეს 7 ათასამდე სტუდენტი სწავლობს. სახელმწიფო ამ სასწავლებლების დიპლომებს არ აღიარებს. სამინისტროს მხრიდან სტუდენტებისთვის შეთავაზებული სიახლე კი, სტუდენტებს პრობლემას მოუხსნის, რაც პირველ რიგში მათი მომავლისთვის და დასაქმებისთვისაა უმნიშვნელოვანესი.
მომავალ წელს საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების 20 ახალი სკოლა აშენდება. სკოლები 25 000 კომპიუტერს, 100 000 ახალ მერხს, 5000 ახალ დაფას და 200 ,,ჭკვიან დაფას” (smart board) მიიღებენ.
2012 წელს თბილისში, ოზურგეთსა და ქობულეთში სამი ახალი პროფესიული სასწავლებელი დაიწყებს ფუნქციონირებას, ხოლო თელავსა და ზუგდიდში ორი ახალი საინფორმაციო ცენტრი დაფუძნდება. ტექნოლოგიური უნივერსიტეტი კი, რომელიც ბათუმში გაიხსნება, მთლიანად კავკასიის რეგიონს მოიცავს და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და მეცნიერების წინსვლას უზრუნველყოფს.
შრომის ბაზრის მოთხოვნების საპასუხოდ 2012 წელს საქართველოს განათლებისა და მაცნიერების სამინისტრო პროფესიული განათლების კიდევ უფრო გაძლიერებასა და ხელშეწყობას გეგმავს. 2012 წლიდან პროფესიული განათლება ვაუჩერულ დაფინასებაზე გადადის. ეს ნიშნავს, რომ პროფესიული კოლეჯების სტუდენტებს სამინისტრო სწავლას დაუფინანსებს და თითოეულ სტუდენტს ათასლარიან ვაუჩერს მისცემს. კოლეჯების სოციალურად დაუცველი სტუდენტები 100%-იან დაფინანსებას მიიღებენ.
ევროპის კონტინენტზე საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც კომპანია Sony-ის მიერ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ვიზუალური ხელოვნების აკადემია” გაიხსნება. ანალოგიური სასწავლებლები მხოლოდ ამერიკის რამდენიმე ქვეყანაში, ინდოეთში, ჩინეთსა და იაპონიაშია. საერთაშორისო მნიშვნელობის კოლეჯი მე-5 დონის იქნება და მხოლოდ ქართულ ბაზარზე არ იქნება ორიენტირებული. ,,ვიზუალური ხელოვნების აკადემია” მსურველებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, ირანიდან და თურქეთიდანაც მიიღებს. ქართველ პედაგოგებს პირველ ეტაპზე იაპონელი პროფესიონალები გადაამზადებენ. განხორციელდება ასევე პედაგოგთა და სტუდენტთა გაცვლითი პროგრამები. კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ სწავლა მსოფლიოს ვიზუალური ხელოვნების ცნობილ სასწავლებლებში გააგრძელონ.
2012 წლიდან წარჩინებულ მოსწავლეთა და სტუდენტთა წახალისების პროგრამების რაოდენობა გაიზრდება. გადამზადდებიან პედაგოგები და მოიმატებს მათი ხელფასები. გაფართოვდება მანდატურის სამსახური, რომელიც მომავალ წელს ამერიკის სკოლის მანდატურთა ეროვნული ასოციაციის წევრი გახდება. გაგრძელდება ინკლუზიური განათლების განვითარება, საკვირაო და კერძო სკოლების ხელშეწყობა.
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის კომპლექსური პროექტები განხორციელდება, რაც განათლების ხელმისაწვდომობას გაზრდის. სამინისტროს მიზანია, მათთვის სახელმწიფო ენის სრულყოფილად სწავლების ხელშეწყობა. ამ მიმართულებით რამდენიმე პროგრამა, მათ შორის ,,ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის’’ ერთდოულად ხორციელდება. 2012 წლიდან პროგრამები კიდევ უფრო გაფართოვდება. არაქართულენოვან სკოლებში 500 მოხალისე პედაგოგის გაგზავნა იგეგმება. დონეების მიხედვით, სპეციალურად ეთნიკური უმცირესობებისთვის უკვე შექნილია ქართული ენის დამხმარე სახელმძღვანელოები აუდიო-ვიდეო მასალით. სულ თორმეტი დონე დაიბეჭდება და 2012 წლიდან სკოლებში თორმეტივე შევა. სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის იმ რაიონებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ, ქართული ენის სახლები გაიხსნება და ქართული ენის შესწავლა ყველა ასაკის მსურველს შეეძლება.
მოსწავლეებისთვის და მათი მშობლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2012 წლიდან სრულად ამოქმედდება ახალი ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმა. ამით სასკოლო სახელმძღვანელოების ხარისხთან და ფასთან დაკავშირებული პრობლემები საბოლოოდ მოხსნება. 2012 წლიდან VII-XII კლასების მოსწავლეები გრიფირების გამკაცრებული წესის მიხედვით შექმნილი მაღალი სტანდარტის სახელმძღვანელოებით ისწავლიან. წიგნები 5 წლის განმავლობაში არ შეიცვლება და მისი ფასი მაქსიმუმ 10 ლარი იქნება. უკვე ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით შედგენილ სახელმძღვანელოებს სოციალურად დაუცველი მოსწავლეები უფასოდ მიიღებენ.
მომავალი წლიდან სკოლებში კიდევ უფრო გაძლიერდება ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება. ამ მიმართულებების პოპულარიზაციისთვის, ახალგაზრდა მეცნიერები სკოლებში მოსწავლეებს ლექციებსაც წაუკითხავენ. გარდა ამისა, მომავალ წელს სკოლებში ახალი საგნი – ”საბუნებისმეტყელო მეცნიერებების საფუძვლები” დაინერგება. სახელმძღვანელო ფიზიკას, ქიმიასა და ბიოლოგიას გააერთიანებს და მისი სწავლება მეშვიდე კლასიდან დაიწყება. სამინისტროს მიზანია, ვიდრე ბავშვები მერვე კლასიდან ამ დისციპლინებს ცალ-ცალკე ისწავლიან, მანამდე ამ საგნების შინაარსი გასაგები და პოპულარული ენით აითვისონ. ასეთი მეთოდი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია აპრობირებული.
პროგრამა ”აინშტაინი”-ს ფარგლებში სკოლები 900 ახალი ლაბორატორიით აღიჭურვება, რაც საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების მოტივაციას კიდევ უფრო გაზრდის. ლაბორატორიები მოსწავლეებს კვლევით უნარ-ჩვევებს განუვითარებს, რადგან პრაქტიკული მუშაობის, კვლევების ჩატარების, გაანალიზებისა და სათანადო დასკვნების გამოტანის შესაძლებლობა ექნებათ. საბუნებისმეტყველო მიმართულებით გაიხსნება საერთაშორისო საზაფხულო სკოლებიც, რაც ნიჭიერ მოსწავლეებს გამოცდილებას შესძენს.
სკოლებში კიდევ უფრო გაძლიერდება საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლება. ამ საგნის პედაგოგები სპეციალურად გადამზადდებიან. საინფორმაციო ტექნოლოგიებში ტრენინგს საჯარო სკოლის ყველა დირექტორიც გაივლის.
ინტერაქტიული სწავლების შემოღება განათლების სისტემის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამიტომ, სამინისტროს ინიციატივით, კომპიუტერული პროგრამები შეიქმნება, ყველა საგანში შემეცნებითი თამაშები დაინერგება, რაც სასწავლო პროცესს საინტერესო და სახალისოს გახდის.
დაინერგება ასევე E-strategy (ელექტრონული სტრატეგია) რომელიც სრულიად საგანმანათლებლო სისტემას ელექტრონულ რეჟიმზე გადაიყვანს, შეიქმნება ელექტრონულ ბაზები: ePeople - ადამიანური რესურსების მართვის სისტემა, eSchools - სკოლების საინფორმაციო სისტემა, eStudents - მოსწავლეთა მართვის საინფორმაციო სისტემა, eROfficers მანდატურების საინფორმაციო სისტემა, eAssets - სკოლების ინფრასტრუქტურის მართვის სისტემა, eFinance - სკოლების ფინანსური მონიტორინგის სისტემა, eGIS - გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემა, eLibrary - ელექტრონული წიგნების ბიბლიოთეკა, eCatalog - საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი.
2012 წელს საქართველოს 100 სკოლაში ”მომავლის კლასი” გაიხსნება. მრავალფუნქციურ საკლასო ოთახში სხვადასხვა საგნების სწავლებისას ვირტუალური ლაბორატორიები და სასწავლო მასალები იქნება გამოყენებული. მოსწავლეებს შეეძლებათ შეინახონ და შემდეგ გამოიყენონ ჩატარებული გაკვეთილების ელექტრონული ვერსია. კლასში შესაძლებელი გახდება ახალი მასალის ეფექტური პრეზენტაცია. ამ ეტაპზე ”მომავლის კლასები” თბილისის პირველ ექსპრიმენტულ და ყვარლის მეორე საჯარო სკოლაში უკვე ფუნქციონირებს.
სკოლებში ინგლისური ენის სწავლება გაძლიერდება. ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” პროგრამის ფარგლებში, ქვეყანაში 1500 ინგლისურენოვანი მასწავლებელი ჩამოვა. გარდა ამისა, ყველა სკოლაში ინგლისური ენის კაბინეტები გაიხსნება. ენის გაღრმავების მიზნით, მოსწავლეები საზაფხულო სკოლებში დაისვენებენ როგორც საქართველოში, ასევე დიდ ბრიტანეთსა და მალტაში.
ინგლისური ენის სწავლება გაძლიერდება ასევე ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და მაღალმთიანი რეგიონის სკოლებში. ინგლისური ენის მცოდნე 300 მოხალისე პედაგოგი, რომელიც ამ რეგიონებში სპეციალურად გაიგზავნებიან, მოსწავლეებს ინგლისურს ეფექტური მეთოდებით შეასწავლიან. ბაკალავრის დიპლომის მისაღებად კი, სტუდენტებს ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება B1, B2 დონეზე მოუწევთ.
წარჩინებულ მოსწავლეთა და სტუდენტთა წახალისების პროგრამის ფარგლებში, დაჯილდოვდებიან საუკეთესო შედეგების მქონე აბიტურიენტები. სამინისტრო სტუდენტებს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამებს დაუფინანსებს. სწავლის შესაძლებლობა კი ყველა მსურველს ექნება.
2012 წელს ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში მასწავლებლის სახლები აშენდება, რომელიც 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს და პედაგოგებს სხვადასხვა მიმართულებით მოემსახურება - მოკლე და გრძელვადიანი ტრენინგები, როგორც პროფესიულ უნარებში, ასევე სასკოლო საგნებში. მასწავლებლის სახლში ჩატარდება სემინარები, კონფერენციები, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები კომპიუტერსა და მენეჯმენტში. პედაგოგები და დირექტორები მასწავლებლის სახლში ფინანსურ და იურიდიულ კონსულტაციებსაც მიიღებენ. უცხოელი და ქართველი ტრენერები სხვადასხვა საგნებში სამოდელო გაკვეთილებსა და მასტერკლასებსაც ჩაატარებენ; საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებთან გაიმართება ლაივ კონფერენციები.
პედაგოგთა ხელფასების მომატება კი პირდაპირ იქნება დაკავშირებული მათ კვალიფიკაციაზე. სერტიფიცირებული მასწავლების დანამატი ხელფასზე 75 ლარი იქნება. ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში 200 ლარი. საუკეთესო 25% -ში მოხვედრილი პედაგოგი 1000 ლარს მიიღებს. მენტორ-ასწავლებელი 180 ლარიან დანამატს. ხოლო ის პედაგოგები, რომლებიც 2012 წელს საბუნებისმეტყველო საგნებში ლაბორატორიულ გამოცდას ჩააბარებენ, მათი ხელფასი კიდევ 75 ლარით გაიზრდება.
მასწავლებლები, რომლებიც ბილინგვურად ასწავლიან, მათ ხელფასზე დანამატის სახით 200 ლარს მიიღებენ. ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” პროგრამაში მონაწილეებს კი, რომლებიც ეთნიკური უმცირესობების სკოლებში ასწავლიან, ხელფასი 1000 ლარი ექნებათ, ხოლო ,,ასწავლე საქართველოსთვის” პროგრამაში ჩართულებს - 500.
სამეცნიერო კვლევებისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში 25 მილიონი ლარია გათვალისწინებული. მოსწავლეებში ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ ინტერესის გაღვივების მიზნით, კვლავ გაგრძელდება მოსწავლე-გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსი ”ლეონარდო და ვინჩი”. კონკურსი გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს გამოავლენს.
პროექტების განხორციელებაზე მუშაობა სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს. სიახლეები კი, რეფორმების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.