გაზეთი: ”რეზონანსი”, 30 დეკემბერი
”ცერნი” - უნიკალური გამოცდილება ქართველი მეცნიერებისთვის
საფრანგეთისა და შვეიცარიის საზღვარზე, ჟენევასთან ახლოს, ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის - ”ცერნის” ლაბორატორიაში ათასობით მეცნიერი სამყაროს შექმნის საიდუმლოს ამოცნობას ცდილობს. ”ცერნში” წარმატებით მოღვაწეობენ ქართველი მეცნიერებიც. ორიოდე კვირის წინ შვეიცარიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, დიმიტრი შაშკინი ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრს სტუმრობდა. ვიზიტისას საქართველოს მთავრობასა და ”ცერნს” შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც ცენტრში მიმდინარე სამეცნიერო ექსპერიმენტებსა და საერთაშორისო კვლევებში ქართველი მეცნიერებიც მიიღებენ მონაწილეობას. 2012 წელს, მეცნიერების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 25 მილიონ ლარს გამოყოფს. შვეიცარიაში ვიზიტის შედეგებზე და მეცნიერების განვითარების გზებზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, დიმიტრი შაშკინი გვესაუბრება:
ბატონო დიმიტრი, როდესაც თქვენ 2012 წლის სტრატეგიული გეგმა წარმოადგინეთ, აღნიშნეთ, რომ სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი მეცნიერების განვითარება და პოპულარიზაცია იქნება. რა იგეგმება ამ მიმართულებით?
მეცნიერების განვითარებისთვის საქართველოს მთავრობას შემუშავებული აქვს ძალიან სწორად გათვლილი, მკაფიო სტრატეგია. 2012 წლის ბიუჯეტში მეცნიერების განვითარებაზე 25 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ეს კი დაახლოებით 2 000 ქართველ მეცნიერს საშუალებას მისცემს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროექტებში ჩაერთოს. გაითვალისწინეთ, რომ 25 მილიონი დოლარი საკმაოდ დიდი თანხაა საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისათვის. ჩვენზე ბევრად უფრო დიდ და მდიდარ ქვეყნებს უჭირთ მეცნიერების განვითარებისთვის შესაბამისი თანხების გამოყოფა. ჩვენი ქვეყნის სტრატეგია კი შემდეგია - საქართველოს ამოცანაა, მსოფლიოს მასშტაბით თავისი მცირე შესაძლებლობებით (25 მლნ მეცნიერების მსოფლიო მასშტაბით განვითარებისთვის აშკარად არ არის საკმარისი) ჩაერთოს იმ პროცესებში, რომლებიდანაც ყველაზე მაღალ შედეგებს და მაჩვენებლებს მიაღწევს. საქართველოს მთავრობა ცდილობს, რომ ჩვენი ქვეყანის მეცნიერება საკუთარი თანხებით იყოს ჩართული მსხვილ საერთაშორისო პროექტებში, სწორედ ისეთში, როგორიც ”ცერნია”.
რატომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ”ცერნთან” თანამშრომლობა?
”ცერნი” - ეს არის ფიზიკის უდიდესი ცენტრი, ევროპის წამყვანი ქვეყნების მიერ შექმნილი უდიდესი და უძვირესი მეცნიერული პროექტი მთელ მსოფლიოში. ”ცერნის” ლაბორატორიაშია ცნობილი დიდი ჰადრონული კოლაიდერი - 10-მილიარდევროიანი პროდუქტი - ახალი ზეგამტარული ტექნოლოგიებითა და ორიგინალური IT ტექნოლოგიებით აღჭურვილი უდიდესი ამაჩქარებელი მსოფლიოში. კოლაიდერის შექმნის მიზანი მიკროსამყაროში უპასუხოდ დარჩენილ კითხვებზე პასუხის მოძებნაა. ეს ის მარადიული კითხვებია, რომლებიც თითქმის ყველა ეპოქისა და თაობის ადამიანს აინტერესებდა და დღესაც აინტერესებს - როგორ წარმოიშვა და რისგან შედგება სამყარო? რა არის მასა? არსებობს თუ არა სივრცის სხვა განზომილებები... ”ცერნში” მოღვაწე მეცნიერები ცდილობენ, ამოხსნან დიდი აფეთქების საიდუმლო, გამოიკვლიონ, როგორ ჩნდება შავი ხვრელი, არსებობს თუ არა ჰიგსის ბოზონი და მრავალგანზომილებიანი სამყარო და ა.შ. სხვათა შორის, კოლაიდერზე უკვე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგების ანალიზის მიხედვით ”ცერნის” მეცნიერები სავარაუდოდ მომავალი წლის ბოლომდე დაადგენენ ჰიგსის ბოზონის, ე.წ. ”ღმერთის ნაწილაკის” არსებობა-არარსებობის საკითხს. მას უკვე მთელი 30 წელიწადია იკვლევენ. ამ შედეგებმა შეიძლება ძირეულად შეცვალოს ჩვენი წარმოდგენები სამყაროს შესახებ. ამ და სხვა ძალიან საინტერესო მეცნიერულ საკითხებზე მუშაობისას ქართველი მეცნიერებიც წარმატებულად ითანამშრომლებენ ”ცერნთან”. ძალიან საამაყოა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში ამჟამად 33 ქართველი მეცნიერი მუშაობს. შედარებისთვის გეტყვით, რომ ჩვენზე 10-ჯერ დიდ უკრაინას ამ პროექტში მხოლოდ 37 თანამშრომელი ჰყავს ჩართული, ხოლო სამხრეთ კორეას - 42. ეს აშკარად გვაძლევს სიამაყის უფლებას.
”ცერნში” ძალიან ბევრი სხვადასხვა პროდუქტი იქმნება. მაგალითად, გეტყვით, რომ ამჟამად დიდი ჰადრონული კოლაიდერის ერთ-ერთი დეტექტორის -კომპაქტური მიუონური სოლენოიდის, (Compact Muon Solenoid) CMS-ის ექსპერიმეტის IT-უზრუნველყოფაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის IT-სპეციალისტები მუშაობენ. სწორედ CMS-ის დანიშნულებაა ჰიგსის ბოზონის არსებობის დასაბუთება ან უარყოფა. ექსპერიმენტის შედეგად მიღებული მასალის დამუშავებაში მონაწილეობენ ქართველი IT სპეციალისტები, რაც საქართველოში IT-ის განვითარებას უზრუნველყოფს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ”ცერნის” განვითარებასთან ერთად ვითარდება ორაკლი (მსოფლიოში ყველაზე მძლავრი საინფორმაციო გამოთვლითი ცენტრი. მსოფლიოში მონაცემთა ბაზების მართვის სისტემებისა და კორპორაციული პროგრამების უზრუნველყოფის უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია). ეს ჯაჭვური რეაქციაა - ”ცერნის” განვითარებით ვითარდება ორაკლი, ორაკლის განვითარებას ვების (world wide web - www - მონაცემთა გაცვლის წინაპირობა, რომლითაც ინტერნეტს დაედო საფუძველი) განვითარება მოსდევს. ანუ ერთი პროდუქტის განვითარებას სხვა პროდუქტების განვითარება მოჰყვება და მეცნიერებაც წინ მიიწევს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერების სწრაფ განვითარებაში ქართველი მეცნიერების წვლილი არც ისე უმნიშვნელოა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანაც ფეხდაფეხ მიჰყვება ამ პროცესს.
როგორ შეაფასებთ ”ცერნში” ვიზიტს, რა შედეგს ელით?
ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრთან გაფორმებული ახალი შეთანხმებით ჩვენ მოვიპოვეთ არა მხოლოდ დიდი ჰადრონული კოლაიდერის ცდებში მონაწილეობის სრული უფლება, არამედ ქართველი მეცნიერები ”ცერნში” - განხორციელებული ყველა სამეცნიერო ექსპერიმენტის მონაწილეები გახდებიან.
საქართველო ალბათ მომავალშიც გააგრძელებს ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრთან თანამშრომლობას...
თებერვლის დასაწყისში ”ცერნის” გენერალური დირექტორი რალფ ჰოიერი საქართველოს საქმიანი ვიზიტით ეწვევა. ჩვენ შეხვედრაზე ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას მოეწერება ხელი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ”ცერნთან” ერთად ძალიან სერიოზული და განათლების სისტემისთვის უპრეცედნტო პროექტის განხორციელებას დაიწყებს. დეტალებს რალფ ჰოიერის ვიზიტის დროს შეგატყობინებთ. თუმცა, გაგიმხელთ იმ სასიამოვნო სიახლეს, რომ ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრთან გაფორმებული მემორანდუმით ქართველ ფიზიკის მასწავლებლებსა და ფიზიკის სტუდენტებს ”ცერნში” პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა მიეცემათ.