გაზეთი ”24 საათი” 16 იანვარი
კვლევის შედეგებით განათლების სისტემაში
რეფორმები თანმიმდევრულად მიმდინარეობს
ნინო ბარაბაძე
საჯარო სკოლებში ჩატარებულმა ეროვნულმა შეფასებამ მოსწავლეთა ცოდნის მაღალი შედეგი აჩვენა. კვლევის შედეგებმა დაადასტურა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმები წარმატებული და თანმიმდევრულია. მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების შესამოწმებლად საქართველოს მასშტაბით კვლევები მუდმივად გაგრძელდება. ექსპერტების მიერ შემოწმდება არა მხოლოდ მოსწავლეების, მათი მასწავლებლების, დირექტორებისა და მშობლების კომპეტენცია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარა. საბაზო საფეხურზე (I-VII კლასები) დაინერგა ახალი ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც არაერთ სიახლეს მოიცავს. 2011-2012 სასწავლო წლიდან საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა ინგლისური ენის შესწავლა და სასწავლო პროცესში კომპიუტერის გამოყენება დაიწყეს.
პირველი ეროვნული შეფასება სწორედ ამ ორი მიმართულებით განხორციელდა. კვლევა საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა და კვლევის მიზანი იყო იმის დადგენა, რამდენად გაამართლა ინგლისურისა და კომპიუტერის პირველი კლასიდან დანერგვამ.
შეფასება მთელი ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ყველა რეგიონის, ქალაქისა და სოფლის საჯარო სკოლებში მიმდინარეობდა. სკოლები შემთხვევითობის პრინციპით შეირჩა და მასში საქართველოს 75 საჯარო სკოლის 1800 პირველკლასელი, მათი მშობლები, 400 მასწავლებელი და 75 დირექტორი იყო ჩართული.
პირველი კლასის მოსწავლეებს მოეთხოვებოდათ ტესტების ამოხსნა განვლილი მასალიდან. მათ კომპიუტერისა და ინგლისური ენის ცოდნის დონე უნდა გამოემჟღავნებინათ. გარდა ამისა, უნდა შეევსოთ კითხვარი, რომელშიც კომპიუტერისა და ინგლისური ენის შესწავლის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება უნდა გამოეხატათ. სრული სურათის შესაქმნელად, პარალელურად ჩატარდა დირექტორების, მასწავლებლებისა (მათ შორის უცხოელი მოხალისეების) და მოსწავლეთა მშობლების გამოკითხვაც.
მიუხედავად ერთი სემესტრის განმავლობაში დაგროვილი ცოდნისა, მოსწავლეებმა ძალიან მაღალი შედეგები აჩვენეს - პირველკლასელთა 70%-მა მაქსიმალური ქულა 25-დან 30-მდე მიიღო.
ექპერტთა თქმით, ასეთი შედეგი კარგი სტიმულია ქვეყნის განათლების სისტემის მომავალი წარმატებული მუშაობისთვის, რადგან კითხვარებიდან მიღებული ინფორმაციით, ცხადი ხდება, რომ რეფორმები თანმიმდევრულად მიმდინარეობს და სამინისტროს მიერ დანერგილი სიახლეები მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლებას უზრუნველყოფს.
დიმიტრი შაშკინი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი: “მიუხედავად იმისა, რომ რეფორმების განხორციელებაში ქართველი და უცხოელი ექსპერტები აქტიურად მონაწილეობდნენ, პირველი კლასიდან ინგლისურისა და კომპიუტერის სწავლების დაწყებას კრიტიკა მოჰყვა. ამის მიუხედავად, რეფორმა განხორციელდა და შედეგმა მოლოდინს ბევრად გადააჭარბა. ინგლისური ენის ცოდნაში მაქსიმალური 30-დან ბავშვებმა საშუალო 25 ქულა აჩვენეს, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი წარმატებაა. იდენტური შედეგები აჩვენეს კომპიუტერის ცოდნაშიც.
ეროვნული შეფასაბისას, ექსპერტების მიერ მოსწავლეთა აკადემიური ცოდნის დონე შემოწმდა. კერძოდ, რა ცოდნა მიიღეს ბავშვებმა რეფორმის დანერგვიდან პირველი სემესტრის ბოლოს და მეორე - რა შედეგბზე გავიდნენ ახალი ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმის ამოქმედების შემდეგ. თავდაპირველად ჩვენ ის კომპეტენციები შევისწავლეთ, რომელსაც ბავშვი უნდა ფლობდეს. სწორედ ამ კომპეტენციების მიხედვით შედგა ტესტები და სკოლებში ჯერ მისი პილოტირება მოვახდინეთ, ვნახეთ ტესტებმა როგორ იმუშავა. ანალიზის საფუძველზე ტესტების საბოლოო ვარიანტი დამოუკუდებელი ექსპერტების მიერ შემუშავდა და შერეულად მოიცავდა საშუალო, რთულ და იოლი სირთულის კითხვებს. ნამუშევრებიც დამოუკიდებელმა ექსპერტებმა გაასწორეს, რაც ძალიან მკაცრად წარიმართა.
იმის გათვალისწინებით, რომ სასწავლო პროცესზე გავლენას მრავალი ფაქტორი ახდენს, მოსწავლეების გარდა კვლევაში ყველა სამიზნე ჯგუფი - დირექტორები, მასწავლებლები და მშობლები ჩავრთეთ. დავადგინეთ რამდენად ეფექტურია ის ტრენინგები, რომლებიც მასწაველბლებმა და დირექტორებმა რეფორმის განხორციელდებამდე გაიარეს. ჩვენთვის ასევე ძალიან საინტერესო იყო მშობლების ჩართულობა და სასიხარულოა, რომ ჩვენს მიერ გატარებულმა რეფორმებმა მშობლების მხრიდანაც ძალიან მაღალი შეფასება დაიმსახურა”.
საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი რეფორმების ირგვლივ კვლევებს მუდმივად განახორციელებს. მეორე სემესტრის ბოლოს ცენტრის ექსპერტები პროექტში”ქართული როგორც მეორე ენა” ჩართული პირველკლასელების ცოდნას შეაფასებენ, რომელიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში განხორციელდება. გარდა ამისა, მეოთხე კლასელი მოსწავლეების ქართულსა და მათემატიკაში შემოწმება იგეგმება.