გაზეთი: ”ვერსია”, 23
იანვარი
ხარისხიან და იაფ სახელმძღვანელოებს VII-XII კლასების მოსწავლეებიც მიიღებენ
შარშან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში I-VI კლასებისთვის ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი წარმატებით დასრულდა. ეს განათლების სისტემისთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება იყო. სახელმძღვანელოები მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმებით და ტექნიკური პარამეტრებით შეფასდა. საუკეთესო სახელმძღვანელოები საკმაოდ მკაცრი კონკურსის შემდეგ გამოვლინდა. 2011-2012 სასწავლო წელს I-დან VI კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა ახალი, ხარისხიანი სახელმძღვანელოებით დაიწყეს სწავლა. 2011 წლის გრიფირებამ ბოლო მოუღო ბაზარზე არსებულ უხარისხო სახელმძღვანელოთა უკონტროლო სიმრავლეს, რითაც უკმაყოფილო იყო ყველა - მასწავლებელიც, მშობელიც და მოსწავლეც - შინაარსობრივად და ტექნიკურად უხარისხო სახელმძღვანელოები ღირდა ძალიან ძვირი და ყოველწლიურად იცვლებოდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი აღნიშნავს, რომ პირველ ეტაპზე სახელმძღვანელოების პრობლემის მოგვარება გამომცემლებთან მოლაპარაკებით დაიწო, მაგრამ მათმა დიდმა ნაწილმა თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. დიმიტრი შაშკინი: განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩარევის გარეშე, ”ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელი ხდებოდა. მოსწავლეების, მათი მშობლებისა და მასწავლებლების ინტერესებიდან გამომდინარე სახელმწიფომ აიღო პასუხისმგებლობა, სრულად ჩართულიყო სახელმძღვანელოების ბაზრის დარეგულირების პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას შევუსრულეთ დაპირება და 2011 წელს I-დან VI კლასის ჩათვლით ახალი, შინაარსობრივად და ტექნიკურად გამართული, იაფი სახელმძღვანელოები შევთავაზეთ ჩვენს მოსწავლეებს. ამჟამად დაწყებითი საფეხურის არც ერთი სახელმძღვანელოს ფასი არ აღემატება 10 ლარს და ისინი არ შეიცვლება 5 წლის განმავლობაში”.
2011 წლის გრიფირების შედეგი ასეთია: I-დან VI კლასის ჩათვლით სახელმძღვანელოების ხარისხთან დაკავშირებით პრეტენზიები შეწყდა და არც ერთი სახელმძღვანელოს ფასი არ აღემატება 10 ლარს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამას ძალიან მნიშვნელოვან წარმატებად აფასებს.
ამჟამად გამოცხადებულია გრიფირების კონკურსი VII-XII კლასების სახელმძღვანელოებზე, რომელიც მაისის ბოლომდე დასრულდება. მათი გრიფირების პროცედურაც საკმაოდ მკაცრი იქნება. ”მე კიდევ ერთხელ ვპირდები მოსახლეობას, რომ VII-XII კლასების სახელმძღვანელოების ფასიც არ იქნება 10 ლარზე მეტი. მეტიც, ამჟამად ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ინგლისური ენის სახელმძღვანელოს გამომცემელთან, რომელიც გვპირდება, რომ I-VI კლასის ინგლისური ენის სახელმძღვანელოზე ფასს 8 ლარამდე შეამცირებს”, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა
ბოლო დროს პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ მინისტრის ბრძანების საფუძველზე სახელმძღვანელოების ფასი გაიზრდება, რასაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში კატეგორიულად უარყოფენ. რაც შეეხება გრიფის მინიჭების საფასურის ზრდას (წელს ის 1600 ლარს შეადგენს), განათლებისა და მეცნიერების მინისტრი აცხადებს, ამით სახელმძღვანელოების ფასი არ გაიზრდება და შემოსული თანხიდან სახელმწიფო სარგებელს არ მიიღებს. ”თანხა მთლიანად გაიხარჯება იმ ექსპერტების ჰონორარზე, რომლებიც გრიფირების საკონკურსო სახელმძღვანელოებს შეამოწმებენ. გარდა ამისა, VII-XII კლასების სახელმძღვანელოები დაწყებით საფეხურთან შედარებით გაცილებით მეტია შინაარსობრივად და მოცულობითაც და მეტი ექსპერტის შრომას მოითხოვს. ისიც გაითვალისწინეთ, რომ თითო სახელმძღვანელოს ტირაჟი დაახლოებით 40 ათას ეგზემპლარს შეადგენს და როდესაც სახელმძღვანელოს 40-ათასიანი ტირაჟის უფლების მოპოვებაზეა საუბარი, ფასის ერთჯერადად გაზრდის გამო შეშფოთება აბსურდია. ამას ნებისმიერი ეკონომისტი დაგიდასტურებთ, - განაცხადა შაშკინმა, - კიდევ ერთხელ, მთელი პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა - 2012 წელს დასრულდება გრიფირების პროცესი 12-ვე კლასში. VII-XII კლასების მოსწავლეებიც მიიღებენ ხარისხიან და იაფ სახელმძღვანელოებს, რომელთა ფასი ათ ლარს არ აღემატება და არც ეს სახელმძღვანელოები არ შეიცვლება 5 წლის განმავლობაში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შეიძენს VII-XII კლასების სახელმძღვანელოებს და სოციალურად დაუცველი ფენის მოსწავლეებს უფასოდ გადასცემს”.