ჟურნალი ”Forbes”
ინტერვიუ განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან
გაზაფხულიდან ორი ახალი პროექტი დაიწყეთ. რა არის მათი მიზანი და რა შედეგს ელით?
დავიწყოთ სტუდენტური Summer Job-ის პროექტით. აქ ველოსიპედი არ გამოგვიგონია, მსგავსი პროექტები ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ხორციელდება და მიზნად ისახავს, დაეხმაროს სტუდენტებს, რომ ზაფხულის პერიოდში იმუშაონ და მიიღონ ანაზღაურება. თუმცა, ჩვენთვის ამ პროექტს აქვს არა მხოლოდ ფინანსური დატვირთვა. უფრო მნიშვნელოვანი მეორე - იდეოლოგიური მხარეა, რომელიც მენტალიტეტის ცვლილებაზე მიუთითებს და ინტერესი, რომელიც იყო სტუდენტების მხრიდან ამ პროექტის მიმართ, ამის დასტურია: ის, რომ სტუდენტები მზად არიან იმუშაონ, აითვისონ პროფესიები (იმუშაონ, მაგალითად, მიმტანად ან დამკვრელად სკვერში), მეტყველებს იმაზე, რომ სულ სხვა მენტალობასთან გვაქვს საქმე - გვყავს სხვა თაობა, თავისუფალი მავნე კლიშეებისგან, რაც ათწლეულობით მკვიდრდებოდა.
რას გულისხმობთ?
90-იან წლებში საუბარი იმაზე, რომ მილიონერების შვილები საზღვარგარეთ მიმტანებად მუშაობენ და ბევრ ხარჯს თვითონ ფარავენ, ღიმილს იწვევდა. როცა პრეზიდენტის ინიციატივით ეს პროგრამა დავიწყეთ და ხალხს ვხვდებოდოთ, მაშინაც გვესმოდა, რომ საქართველოში ის ვერ იმუშავებდა.
მაგრამ ფაქტია, რომ,პრაქტიკულად, პირველსავე დღეს, რამდენიმე საათში ყველა ვაკანსია შეივსო და სწორედ ეს არის მენტალური რევოლუცია. სტუდენტები აცნობიერებენ, რომ არ არსებობს არაპრესტიჟული პროფესია და თვითეულ მათგანს აქვს საშუალება, გაიაროს ყველა საფეხური და ჩამოყალიბდეს პროფესიონალად. და კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ასევე მენტალობასთან არის დაკავშირებული: ამ პროექტში მონაწილეობის შემდეგ სტუდენტებს მიეცემათ საშუალება, სწორად დაგეგმონ ცხოვრება უნივერსიტეტის შემდეგ.
რამდენი სტუდენტი მონაწილეობს პროექტში?
სამწუხაროდ, ამ ეტაპზე 100 ათასი სტუდენტიდან მხოლოდ 25 ათასს მიეცემა საშუალება, მიიღოს საზაფხულო სამუშაო, მაგრამ ეს პირველი პროექტია, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება.
რა სექტორებში დასაქმდებიან სტუდენტები?
არჩევანი ძალიან ფართოა. მაგალითად, ენერგეტიკის სექტორში იმუშავებს 3 ათასზე მეტი სტუდენტი. ისინი „შიგნიდან“ დაინახავენ სექტორს, რომელიც ბევრისთვის აბსოლუტურად უცნობია. ეს კერძო კომპანიებისთვისაც (მონაწილეობენ „კოკა-კოლა“, „სოკარი“, თბილისის აეროპორტი და უამრავი სხვა) სერიოზული რესურსია, რომ სტუდენტებისგან მომავალი კადრები შეარჩიონ. იგივე 500-ლარიანი დარიცხული ხელფასი, რაც პროექტის ფარგლებში თითო სტუდენტის შრომის ასანაზღაურებლად გამოიყოფა, ბევრი კომპანიისთვის სტიმულია, რომ პროექტში მიიღოს მონაწილეობა.
რამდენ ხანს გაგრძელდება პროექტი?
პროექტი ერთ თვეს - 20 ივლიდან 20 აგვისტომდე გასტანს, 20-დან 25 აგვისტომდე კი ყველა სტუდენტი კუთვნილ ხალფასს მიიღებს.
დასაქმების პროექტები ადრეც ხორცილდებოდა, თუმცა, უამრავი ხარვეზი ჰქონდა. თვენ რით გამორიცხავთ ამ რისკს?
ჩვენ არ დავუშვებთ, რომ სტუდენტმა ფული პენსიასავით მიიღოს - მან უნდა იმუშაოს. დამსაქმებელი იქნება ვალდებული, ყოველკვირეულად ელექტრონულად შეაფასოს სტუდენტის მუშაობა, რის გარეშეც ის ვერ მიიღებს ანაზღაურებას. გარდა ამისა, შეიქმნება მობილური ჯგუფები, რომლებიც ივლიან და შეამოწმებენ, მართლა მუშაობს თუ არა დასაქმებული სტუდენტი.
რა გეოგრაფიული მოცვა აქვს პროექტს?
მთელი საქართველოა დაფარული და ესეც თავიდანვე განსაზღვრული მიზანი იყო, რომ პროექტი არ ყოფილიყო კონცენტრირებული მხოლოდ თბილისზე. ბაზაში შესვლისას სტუდენტი თვითონ ირჩევდა სასურველ სამუშაოს ადგილის მიხედვით. თან, ხდებოდა ბაზების მიხედვით გადამისამართება, რომ, მაგალითად, იურისტი ჰოსპიტალში სანიტრად არ მოხვედრილიყო. ესეც წინასწარ გამოირიცხა.
ტრადიციულად, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა ის არის, რომ სტუდენტები განათლებას იღებენ, მაგრამ ვერ საქმდებიან.
სწორედ ამას ეხება ჩვენი მეორე პროექტი, რომელიც პროფერსიული კოლეჯების რეფორმას გულისხმობს. 20 მარტიდან სოციალურად დაუცველებს, დღეს კი უკვე ყველას, აქვს შესაძლებლობა განათლების სამინისტროს საინფორმაციო ცენტრებში მიიღონ ათასლარიანი ვაუჩერი. იქ სპეციალურად დატრენინგებული ადამიანები, რომელთაც აქვთ წვდომა მონაცემთა ბაზებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაინტერესებულებს უხსნიან, სად და რა შეუძლიათ ისწავლონ.
რით არის ეს პროექტი მნიშვნელოვანი? უმუშევრობის მიუხედავად, ქვეყანაში კონკრეტული პროფესიების ადამიანების დეფიციტია. ყველაზე ძლიერი იარაღი უმუშევრობის წინააღმდეგ სწორედ პროფესიული განათლებაა.
ჩვენი სტერეოტიპებიდან გამომდინარე, მოსწავლეების დაახლოებით 80% მიდის უნივერსიტეტში (აშშ-ში ეს მაჩვენებელი ორჯერ ნაკლები - 40%-ია). იქ იღებს განათლებას, მაგრამ ვერ საქმდება. საქმე იცის, მაგრამ ბაზარზე მასზე მოთხოვნა არ არის. სწორედ ასეთ ადამიანებს, ასევე სოციალურად დაუცველებს, დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს (ვინც არ აპირებს სწავლის უმაღლეს სასწავლებელში გაგრძელებას), ვაძლევთ 1000-ლარიან ვაუჩერს, რომ აირჩიოს პროფესია (400-მდე სტანდარტია შექმნილი ევროკავშირთან ერთად) და ერთი წელი ისწავლოს.
მაგალითად, რა პროფესია?
ისეთი, რაზეც მოთხოვნაა. მაგალითად, შემდუღებელი, ამწეების, ბულდოზერების, ტრაქტორების ოპერატორი - ამ საქმიანობაზე ანაზღაურება ათასობით ლარია, მაგრამ პროფესიონალის პოვნა მაინც პრობლემაა. პარალელურად, არის ძლიერი IT სპეციალისტების, სისტემური ადმინისტრატორების დიდი დეფიციტი.
ვაუჩერული სისტემა რითია უფრო ეფექტიანი - პროფესიული განათლება არ არის უმაღლესი განათლება, ის პირდაპირ არის მიბმული შრომის ბაზარზე, ეკონომიკაზე. თუ არ იქნება მოთხოვნა ბაზრის მხრიდან რამე პროფესიაზე, მსურველი არ წავა მის შესასწავლად. როცა პროფესიული კოლეჯის დირექტორი თვითონ ირჩევს, რისი სწავლება მიაჩნია სწორად, ეს მაინც მისი სუბიექტური მიდგომაა. მაგრამ როცა მსურველს ხელში ვაუჩერი აქვს და თვითონ წყვეტს, სად ისწავლოს, ეს გაცილებით ეფექტურია. საწყის ეტაპზე ამ პროექტით 7 ათასი კაცი მომზადდება. ეს არის პირველი ნაბიჯი, რომლის მასშტაბებიც გაიზრდება მოთხოვნის შესაბამისად.
ამ ორი პროექტის წარდგენისას ითქვა, რომ უახლოეს ხანებში სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი პროექტებიც ამუშავდება.
უკვე კონკრეტულად შემიძლია გითხრათ, რომ ამ ორ პროექტს შემოდგომაზე დაემატება კიდე ერთი, რომელიც 20 ქალაქში (გურჯაანში, ზესტაფონში, სამტრედიაში, ამბროლაურში...) ინგლისურ ენაში, კომპიუტერულ უნარებსა და პროფესიულ ორიენტაციაში 20 ათასი ადამიანის (თითო ქალაქში ათასი მსურველის) უფასოდ გადამზადებას ითვალისწინებს.
პროფესიული ორიანტაცია ახალი ხილი იქნება, როცა პროფესიონალები აუხსნიან მსურველებს, როგორ მოძებნოს სამუშაო, რა არის მოთხოვნები, რა ხდება იმ სექტორებში, სადაც შეუძლია დასაქმდეს დაქირავებულად ან თვითდასაქმება მოახდინოს...
სამივე პროექტში ჩვენ თავიდან ავირიდეთ ზედმეტი შერჩევის მექანიზმების ამოქმედება. ყველაფერი უნდა იყოს დამოკიდებული ადამიანის ინიციატივასა და აქტიურობაზე. როგორც კი იქმნება რამე შერჩევის კრიტერიუმები, იქვე იბადება კორუფციაც. ამიტომ სახელმწიფო ამ შემთხვევაში უბრალოდ ამბობს, რომ კარი ღიაა და ვინც უფრო აქტიური იქნება, ის მიიღებს მონაწილეობას. მესმის, რომ ეს არ არის იდეალური სისტემა, თუმცა, როგორც მინიმუმ, გვაძლევს საშუალებას, პროცესი იყოს გამჭვირვალე და აღმოიფხვრას ნეპოტიზმი და კორუფციული გარიგებები.
ჩვენ ვაშენებთ ლიბერალურ ეკონომიკას და ქვეყანას და მემარჯვენე იდეოლოგია ჩემთვის იმით არის ფასეული, რომ ყველა ადამიანი არის თავისუფალი და მხოლოდ მის აქტიურობაზეა დამოკიდებული მისი წარმატება.