საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მეცნიერების განვითარებისთვის 25 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ეს თანხა საკმარისია იმისთვის, რომ 2000-მა ქართველმა მეცნიერმა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროექტებში მიიღოს მონაწილეობა.
სამეცნიერო დარგების განვითარებას ისახავს მიზნად ასევე ის მემორანდუმი, რომელიც გასული წლის ბოლოს, საქართველოს მთავრობამ ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრ CERN-თან გააფორმა. ამჟამად CERN-ის გრანდიოზულ პროექტებში 33 ქართველი მეცნიერი მონაწილეობს, მემორანდუმის თანახმად კი ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება.
CERN-ის გენერალური დირექტორი უკვე გაეცნო ქართულ სამეცნიერო პოტენციალს. პროფესორი როლფ-დიტერ ჰოიერი საქართველოში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოწვევით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში მან მოინახულა საქართველოში პირველი, ბაკურიანის საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლა, წაიკითხა ლექცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს.
პროფესორი ჰოიერი CERN-ს 2009 წლიდან ხელმძღვანელობს. 15 წლის განმავლობაში მას ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციში საკმაოდ მაღალი თანამდებობები ეკავა.
მისი სამეცნიერო სამუშაოები ელექტრონაწილაკების რეაქციების შესწავლასთან, ექსპერიმენტული ტექნოლოგიების განვითარებასა და დიდი დეტექტორული სისტემების მშენებლობასთან არის დაკავშირებული.
რატომ არის ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარება მნიშვნელოვანი და სამეცნიერო თვალსაზრისით რა პოტენციალია საქართველოში. ამ და სხვა საკითხების შესახებ onlinenews.ge - ს პროფესორმა ჰოიერმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.
- მოგესალმებით პროფესორო ჰოიერ. რა არის საქართველოში თქვენი ჩამოსვლის მიზანი?
პირველყოვლისა, მსურს მეტი გავიგო საქართველოზე. ასევე, ჩემი ვიზიტის მიზანია ხელი შევუწყო ზუსტი მეცნიერების განვითარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია ჩვენი დღევანდელი საზოგადოებისთვის. დღევანდელი დღე არ იქნებოდა, წარსულში რომ მეცნიერება არ განვითარებულიყო და თუ დღეს ჩვენ მეცნიერება არ განვავითარეთ, არ იქნება ხვალინდელი დღე.
- თქვენ შეხვდით სტუდენტებს და იმყოფებოდით საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლის მოსწავლეებთან. სამეცნიერო თვალსაზრისით რა პოტენციალს ხედავთ საქართველოს მომავალ თაობაში?
ძალიან ძნელია ერთი ვიზიტიდან გამომდინარე ამაზე საუბარი. მე მქონდა ერთ საათიანი შეხვედრა სტუდენტებთან და ამის შემდეგ ისინი დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მისვამდნენ კითხვებს, მათ შორის მაღალი დონის შეკითხვებს და აქედან მე ბევრი რამე ამოვიკითხე. ისინი არიან ძალიან ნიჭიერები და აქვთ კარგი ინტერესები. ეს შეკითხვები იყო მათი ტალანტის სარკე ჩემთვის. ძალიან დიდი პოტენციალია აქ საქართველოში. რაც შეეხება ბაკურიანში ახლახან გახსნილ საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლას, ძალიან მოვიხიბლე ამ სკოლით.
- თქვენ შეხვდით პარლამენტის თავმჯდომარეს და ისაუბრეთ CERN-სა და საქართველოს სამომავლო გეგმებზე. გვითხარით, ამ გეგმების შესახებ უფრო დეტალურად.
ალბათ, ამ გეგმების შესახებ ჩემი ქართველი კოლეგები უკეთ ისაუბრებენ. მე რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ვაპირებთ უფრო დავუახლოვდეთ ერთმანეთს და მეტად მჭიდროდ ვითანამშრომლოთ, რათა საბოლოო დიდ მიზანს მივუახლოვდეთ და მივაღწიოთ - ამოვხსნათ სამყაროს შექმნის საიდუმლო. ჩვენ ამ მიზნით უამრავ ექსპერიმენტს ვატარებთ და საქართველო ორ დიდ ექსპერიმენტშია ჩართული.
მეორე ასპექტი, მომავალი ურთიერთობისა არის განათლების ხელშეწყობა. მოსწავლეებისა და მასწავლებლების ჩართვა ტრენინგების პროგრამაში. ჩვენთან ტრენინგს გადის ათასამდე მასწავლებელი სხვადასხვა ქვეყნიდან. გარდა ზეპირი ლექციებისა, მათ საშუალება აქვთ უშუალო მონაწილეობა მიიღონ, ხელით შეეხონ ექსპერიმენტებს რაც დიდი მოტივაციაა
პედაგოგებისთვის და რასაც დიდი მნიშველობა აქვს ქართველი პედაგოგების განვითარებისთვის. როცა ისინი ასეთი ტრენინგებიდან ბრუნდებიან თვალები უციმციმებთ იმდენად მოტივირებულები არიან.
- ჩვენს ქვეყანაში ამ დრომდე აქცენტი იყო ჰუმანიტარულ საგნებზე, რამაც ქვეყანაში დეფიციტური პროფესიები გააჩინა, როგორიცაა საინჟინრო მიმართულება და სხვა ტექნიკური დარგები. დღეს განათლების სამინისტრო ერთ-ერთ პრიორიტეტად აცხადებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს. თქვენი აზრით, რა შედეგს მოიტანს სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნების გაძლიერება და რა პრივილეგია ექნებათ მომავალში ამ ბავშვებს?
თუ ირგვლივ მიმოვიხედავთ, ამ კითხვას ადვილად ვუპასუხებთ. თქვენ იწერთ ჩემს საუბარს დიქტოფონით, იყენებთ მიბილურ ტელეფონს, ლეპტოპს და უამრავ საშუალებას, რომლის გარეშე დღეს წარმოუდგენელია ცხოვრება. ეს ყველაფერი ინჟინერიის და საბაზისო მეცნიერების მონაპოვარია. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარება, რა საკვირველია, არ გამორიცხავს ჰუმანიტარული მეცნიერებების განვითარებას, ორივე პარალელურად უნდა ვითარდებოდეს, მაგრამ ყველა ქვეყანამ უნდა მოძებნოს სწორი ბალანსი. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის განვითარებას საფრთხე დაემუქრება. საბუნებისმეტყველო საგნების განვითარებას განსაკუთრებული მნიშვენელობა აქვს ისეთი ქვეყნებითვის, როგორიც საქართველოა, რადგან ეს არის ის, რაც ქვეყანას წინ წაწევს. ამიტომ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გაძლიერება სწორი არჩევანია.
- საქართველოს მთავრობასა და CERN-ს შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მეორანდუმი. გვაინტერესებს თქვენი მოსაზრება რატომ არის მნიშვნელოვანი ეს მემორანდუმი საქართველოსთვის და რა დადებით შედეგს მოუტანს ის ჩვენს ქვეყანას?
CERN-ისა და საქართველოს ურთიერთობას დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენი ქვეყნისთვის, რადგან ეს გაზრდის თქვენს წვდომას მეცნიერების მიმართ. ეს მოგცემთ შესაძლებლობას უამრავ საინტერესო ტრენინგში თუ ექსპერიმენტში უშუალოდ ჩაერთოთ და წვლილი შეიტანოთ მეცნიერების განვითარებაში. როცა არაფერი გაქვს - არავისთვის ხარ საინტერესო, ხოლო როცა რაღაც მაინც გაქვს, სხვასაც აქვს სტიმული რომ დაგეხმაროს, რათა მეტი გქონდეს.
- CERN-თან თანამშრომლობით წელს პირველად საქართველოში, კერძოდ ბაკურიანში, საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლა ამოქმედდა. რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის საზაფხულო სკოლების ფუნქციონირება და არის თუ არა შესაძლებლობა, რომ საქართველოში გაიხსნას უფრო მაღალი დონის სკოლა - CERN-ის სკოლა?
ბაკურიანის სამეცნიერო სკოლის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამაზე ჩემი ბაკურიანში ვიზიტიც მეტყველებს, რადგან ჩემი კალენდარი საკმაოდ გადატვირთულია და თუ არა ამ სკოლის უდიდესი მნიშვნელობა, აქ არ ვიქნებოდი. მე ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რაც ბაკურიანში ვნახე. განსაკუთრებით რამაც მომხიბლა იყო ის, რომ აღნიშნულ სკოლაში სწავლობენ არა მარტო ქართველები, არამედ მეზობელი სახელმწიფოების წარმომადგენლებიც. ურთიერთობებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მეცნიერების განვითარებისთვის.
რაც შეეხება უფრო მაღალი დონის CERN სკოლის გახსნას, ეს მხოლოდ წევრი სახელმწიფოებისთვის არის შესაძლებელი და საქართველო არ არის CERN-ის წევრი სახელმწიფო. საქართველო არის ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის წევრი. თუმცა, თქვენ საკმაოდ კარგი შანსი გაქვთ მომავალში, რომ გახდეთ წევრი სახელმწიფო და შესაბამისად CERN-ის სკოლაც გაიხსნას საქართველოში.
- საქართველოს განათლების სამინისტრო სკოლების საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვას ახორციელებს. ასევე, წელს პირველად საბუნებისმეტყველო საგნებში პედაგოგებმა გამოცდა თეორიასა და პრაქტიკაში ცალცალკე ჩააბარეს. თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია სწავლა-სწავლების პროცესში თეორიასთან ერთად პრაქტიკული ნაწილის გაძლიერება?
რასაკვირველია ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მე თვითონ მძიმე პრაქტიკული შრომიდან მოვდივარ. პრაქტიკას უდიდესი მნიშვნელობა აქვს - ამას გამუდმებით ვეუბნები ჩემს სტუდენტებს. თუ სტუდენტი კომპიუტერს არ შეეხო, მასთან არ იმუშავა, მას მხოლოდ თეორიით კომპიუტერს ვერ ასწავლი, ეს გამორიცხულია.
პრაქტიკას, მასწავლებლებისთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ექსპერიმენტი არ ჩაატარე, თუ მას ხელით არ შეეხე, ისე 100 პროცენტიან ცოდნას ვერ მიიღებ, გექნება განცდა, რომ შენ ყველაფერი იცი, მაგრამ პრაქტიკაში გამოჩნდება, რომ ძალიან ბევრი რამ არ გცოდნია.
- საბუნებისმეტყველო საგნების ქართველი პედაგოგები CERN-ში ტრენინგებს გადიან. რამდენად ეხმარება პედაგოგს CERN-ის ექსპერტების გამოცდილება და რამდენად წარმატებულია აღნიშნული სატრენინგო პროგრამა.
ქართველი მასწავლებლების გადამზადება CERN-ში ძალიან საინტერესო პროგრამაა. იქ არაჩვეულებრივი ატმოსფეროა, უამრავი სხვადასხვა ეროვნების მასწავლებელი ზის ერთად, საუბრობენ, ცვვლიან აზრებს, იზიარებენ გამოცდილებას და ეს მნიშვნელოვანია. მინდა გავიმეორო, რომ გარდა ზეპირი ლექციებისა, მათ საშუალება აქვთ უშუალო მონაწილეობა მიიღონ, ხელით შეეხონ ექსპერიმენტებს ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ქართველი პედაგოგების განვითარებისთვის. მე ვხედავ რომ პედაგოგებში ეს მოტივაციას კიდევ უფრო ამაღლებს
- როგორც ცნობილია CERN-ში ამჟამად 33 ქართველი მეცნიერი მუშაობს. თქვენი აზრით, მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის ეს შეიძლება თუ არა მიღწევად ჩაითვალოს სამეცნიერო დარგში?
33 ქართველი მეცნიერის მონაწილეობა - ეს მართლაც დიდი რიცხვია ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სხვა დიდ ქვეყნებს მაგალითად უკრაინას ამ პროექტში 37 თანამშრომელი ჰყავს ჩართული, ხოლო სამხრეთ კორეას - 42.
როგორც ცნობილია ივლისის დასაწყისში, მელბურნში ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის ცენტრალური კონფერენცია ჩატარდება და გამოქვეყნდება დიდ ადრონულ კოლაიდერზე მიღებული მონაცემები. თუ შეგიძლიათ, გვითხარით, ამ პროექტის ბოლო ერთი წლის მთავარი მიღწევები.
ამ ერთი წლის მანძილზე ფანტასტიური პროგრესი გვაქვს და კონფერენციაზე ვისაუბრებთ შედეგების დეტალებზე. მიუხედავად თქვენს მიმართ უდიდესი პატივისცემისა, ახლა ვერაფერზე ვისაუბრებ, თორემ ჩემი კოლეგები ამას არ მაპატიებენ (იცინის).
- როგორია თქვენი ზოგადი შთაბეჭდილებები საქართველოზე?
საქართველოში მხოლოდ გუშინ დილით ჩამოვფრინდი და მხოლოდ თბილისის ნახვა მოვახერხე, ასევე ვიყავი ბაკურიანშიც. რაც შემიძლია ვთქვა, აქაურობა ძალიან ლამაზია, ხალხი მეგობრულია და მომავალში აქ აუცილებლად ჩამოვალ.