გვანცა კილასონია
საქართველოში მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები წელს პირველად ჩატარდება. გამოცდები ნებაყოფლობითია და სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. კვალიფიკაციის ამაღლების სურვილი უკვე მრავალმა მასწავლებელმა გამოთქვა, ამისთვის მაღალი მოტივაცია არსებობს – გაიზრდება სერტიფიცირებულ მასწავლებელთა ხელფასი, ამასთანავე მათ მენტორ-მასწავლებლებად მუშაობის საშუალებაც ექნებათ.
სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარების მსურველ მასწავლებელთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და 31 მარტამდე გაგრძელდება. რეგისტრაციის გავლის შემდეგ მასწავლებლებს სახელმწიფო 160 ლარიან ვაუჩერს უფასოდ გადასცემს, რომლითაც სწავლის პროცესი დაფინანსდება. ამ ეტაპზე მასწავლებელთა სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობას მიიღებენ ქართულის, მათემატიკისა და უცხო ენების პედაგოგები. კვალიფიკაციის ამაღლება ასევე შეეძლებათ იმ პედაგოგებს, რომლებიც ამ ეტაპზე არ მუშაობენ, თუმცა საქმიანობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება აქვთ.
სასერტიფიკაციო გამოცდები ორი მიმართულებით ჩატარდება, კერძოდ საგნობრივი ცოდნის მაღალი კომპენტენციის გამოვლენის გარდა, პედაგოგმა უნდა დაადასტუროს რომ ის სწავლების თანამედროვე მეთოდებს ფლობს. ამისთვის მან, ორი გამოცდა – საგნობრივი და უნარ-ჩვევები უნდა ჩააბაროს.
გამოცდაზე გამსვლელთათვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ უკვე მომზადდა სერტიფიცირებისთვის საჭირო ლიტერატურა, რომელიც ყველა პედაგოგისთვის ხელმისაწვდომია. საგამოცდო პროგრამის მომზადებაში ეს მასალები მათ მაქსიმალურად დაეხმარებათ.
დიმიტრი შაშკინი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი: `მისასალმებელია, რომ სერტიფიცირების პროცესს მასწავლებლები პოზიტიურად შეხვდნენ. ჩვენი თვითმიზანი სერტიფიცირება არაა, ჩვენ კვალიფიციური კადრების მომზადება გვსურს, რომელთა სოციალური მდგომარეობა და სტატუსი თავისთავად საგრძნობლად გაუმჯობესდება. ამასთანავე, სახლემწიფომ იზრუნა ამ პროცესის ფინანსურ მხარეზეც, მასწავლებლებს კვალიფიკაციის ამაღლება 160 ლარიანი ვაუჩერით უფინანსდებათ. მასწავლებლები, მათი სერტიფიცირება და კვალიფიციური კადრების არსებობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინაშე არსებული გამოწვევების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში მასწავლებელი იყოს დაცული და წარმატებული’’
მასწავლებელი, რომელიც სასერტიფიკაციო გამოცდებს ვერ ჩააბარებს, ის სკოლაში მუშაობას ჩვეულებრივ განაგრძობს. სურვილის შემთხვევაში კი სერტიფიცირების გავლის ხელახალი საშუალება ექნება.
პედაგოგთა სერტიფიცირება 2014 წელს დასრულდება. გამოცდები წელიწადში ორჯერ- ივლისში და იანვარში ჩატარდება.