ბათუმში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საჯარო სკოლა აშენდება. მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად მიიღო. მიხეილ ჩხენკელმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მთელი საქართველოს მასშტაბით საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მე-12 კლასში შემავალი საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდების განრიგი დაამტკიცა. მე-12 კლასში შემავალი საგნების (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, ინგლისური ენა, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება ცენტრალიზებულად, სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ, ელექტრონული ფორმით, სისტემის მიერ შერჩეულ სკოლებში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ მახარაშვილმა აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესთან და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიასთან სამუშაო შეხვედრა გამართა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სკოლების მხარდამჭერი პროგრამების განვითარების კუთხით სამომავლო გეგმები განიხილა.