ახალი ამბები
 
დაიწყო საჯარო სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისთვის სადაზღვევო ვაუჩერების დარიგება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქის საჯარო სკოლა მოინახულა და ამავე სკოლის მასწავლებლებსა და ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალს სადაზღვევო ვაუჩერები გადასცა.

მინისტრმა პირადად განუმარტა მათ დაზღვევის პირობები:  თითოეულ ბენეფიციარს მომავალი წლის განმავლობაში 25 ათას ლარამდე უფასო სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა ექნება. პედაგოგები სადაზღვევო კომპანიის არჩევანში თავისუფლები არიან.

საჯარო სკოლების მასწავლებლები, ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი და სხვა სასწავლებლების პედაგოგები, სადაზღვევო ვაუჩერის მიღების შემდეგ,  სასურველ სადაზღვევო კომპანიას 2009 წლის 15  დეკემბრიდან  31 დეკემბრის ჩათვლით შეარჩევენ.  ექვსწლიანი სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში 83 ათასამდე ბენეფიციარისთვის 2010 წლის ბიუჯეტში 19 მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული (თითოეულ პედაგოგზე თვეში 15 ლარის ოდენობით).

"ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი მასწავლებლებზე ზრუნვაა. ამ კვირის განმავლობაში დასრულდება სადაზღვევო ვაუჩერების დარიგება. მე მინდა გთხოვოთ ყველას, რომ ყურადღებით გაეცნოთ სხვადასხვა კომპანიის პირობებს და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთოთ არჩევანი. მე კი პირობას გაძლევთ, რომ მკაცრად გავაკონტროლებთ სადაზღვევო პირობების შესრულებას”, - აღნიშნა მინისტრმა.

დიმიტრი შაშკინი ადგილობრივ პედაგოგებს განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზეც ესაუბრა.