ახალი ამბები
 
18.12.09. დიმიტრი შაშკინი ქალაქ ახალციხის პედაგოგებს შეხვდა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ახალციხის  №I საჯარო სკოლაში ქალაქ ახალციხის შვიდივე საჯარო სკოლის 70-ზე მეტ პედაგოგს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პირველ რიგში მინისტრმა პედაგოგებს ის სიახლეები გააცნო, რომელთა განხორციელებაზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, ან  უახლოეს მომავალში იგეგმება. დიმიტრი შაშკინი მრავალეთნიკური სამცხე-ჯავახეთის რეგიონის განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებსაც გაეცნო და მათი გადაჭრის გზებზე მოსაზრებები ადგილობრივი პედაგოგებისგან მოისმინა.

 შეხვედრის ფარგლებში დიმიტრი შაშკინმა ყურადღება გაამახვილა სადაზღვევო ვაუჩერებზე და პედაგოგებს კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ ისინი სადაზღვევო კომპანიის არჩევანში სრულიად თავისუფლები არიან.

ამ ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, შედეგად მინისტრი განათლების სფეროში არსებულ მდგომარეობას პედაგოგებთან ერთად შეაფასებს და რეფორმის დანერგვის ახალ გზებს მათთან კონსულტაციის შედეგად განიხილავს.