პუბლიკაციები  
2008-09-03
ომი საქართველოსთვის: რუსეთი, დასავლეთი, მომავალი

ინტერნეტ-ჟურნალში ”Open democracy News Analysis“ გამოქვეყნდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბატონი გია ნოდიას სტატია ”ომი საქართველოსთვის: რუსეთი, დასავლეთი, მომავალი”. http://www.opendemocracy.net/article/russian-war-and-georgian-democracy ავტორი: გია ნოდია, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრი თარიღი: 2008 წლის 12 აგვისტო; 16:15 ეს სიტყვები იწერება იმ დროს, როცა რუსეთ-საქართველოს ომში თითქოს გარდატეხა ხდება: 2008 წლის 11 აგვისტოს ესკალაციას მოჰყვა 12 აგვისტოს განცხადება რუსეთის მიერ სამხედრო ოპერაციების შეწყვეტის შესახებ. წერის პროცესში ჯერ ნაადრევია იმის შეფასება, რამდენად ნამდვილი და მყარია ეს გარდატეხა; არავინ იცის, რა მოხდება თუნდაც რამდენიმე საათში. თუმცა, ომის შეწყვეტის პირობები, რომლებიც საფრანგეთის პრეზიდენტმა თავის რუს და ქართველ კოლეგებთან ცალ-ცალკე განიხილა, მიგვანიშნებს, რომ ეს დასასრულის დასაწყისი შეიძლება იყოს. ცხადია, ამ ეტაპზე ჯერ ვერავინ განსაზღვრავს ომის გრძელვადიან შედეგებს. მაგრამ ერთი რამ ეჭვს არ იწვევს: იმის შემდეგ, რაც ამ ხუთ დღეში მოხდა, სტატუს-ქვო მთლიანად ვეღარასოდეს აღდგება: ვერც საქართველოში, ვერც რუსულ-ამერიკულ ან რუსულ-ევროპულ ურთიერთობებში. იძულებითი არჩევანი ომი ერთდორულად მოულოდნელიც იყო და მოსალოდნელიც. მოვლენათა ზუსტად ამგვარი განვითარება არავის უწინასწარმეტყველია; მაგრამ ბოლო თვეების განმავლობაში დიპლომატები და პოლიტოლოგები საუბრობდნენ რუსეთსა და საქართველოს შორის სერიოზული კონფლიქტის საფრთხეზე. ის უნდა მომხდარიყო საქართველოში არსებული ე.წ. „გაყინული კონფლიქტებიდან“ (აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში) ორივეს ან ერთ-ერთის გარშემო. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ”გაყინული კონფლიქტების” როლი 8-12 აგვისტოს საბედისწერო მოვლენებში არ უნდა დავაკნინოთ, მაგრამ არც გავაზვიადოთ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სტატუსის გაურკვევლობა რომ არა, რუსეთსა და საქართველოს შორის ომი არ მოხდებოდა. თუმცა, რუსეთისთვის როგორც ზოგადად სამხრეთ ოსეთის საკითხი, ისე კონკრეტულად იქ მცხოვრები მისი მოქალაქეების დაცვა, მხოლოდ საბაბი იყო. კონფლიქტის განვითარების პროცესში ეს სულ უფრო ცხადი გახდა. საერთაშორისო თანამეგობრობა სულ უფრო მკაცრად გმობს რუსულ აგრესიას. თუმცა ბევრი მცდარად მიიჩნევს აგრეთვე საქართველოს მთავრობის მიერ 8 აგვისტოს ღამით მიღებულ გადაწყვეტილებას, ცხინვალზე იერიში მიეტანა. კრიტიკოსების აზრით, საქართველოს მთავრობამ პოლიტიკური უმწიფრობა გამოავლინა იმით, რომ რუსების დაგებულ მახეში გაება. მაგრამ უნდა გავიგოთ, თუ რა კონტექსტში იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. თვეების განმავლობაში, სამხრეთ ოსეთის შიგნით თბილისისადმი ლოიალურად განწყობილ ანკლავს, ისევე როგორც ფაქტობრივ საზღვართან არსებულ დასახლებებს, რეგულარულად უხსნიდნენ ცეცხლს არტილერიით და სხვა იარაღით. ამ აქტების მიზანი ცხადი იყო - საქართველოს ჩათრევა ღია საომარ კონფლიქტში რუსეთთან. ქართულ მხარეს ეს ძალიან კარგად ესმოდა და ყველაფერს აკეთდებდა ამ სცენარის თავიდან ასაცილებლად. მაგრამ ამ ზეწოლით, რასაც რუსეთი ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მეშვეობით ახორციელებდა, ის საქართველოს ორმხრივად წამგებიან სიტუაციაში აქცევდა. ცხადია, რომ რუსეთთან ღია სამხედრო კონფრონტაცია საქართველოს ინტერესებში არ შედიოდა. მაგრამ, ამავე დროს, საქართველოს მთავრობის რეპუტაცია თანდათან ილახებოდა იმით, რომ ის ვერაფერს აკეთებდა საკუთარი მოქალაქეების დასაცავად. 8 აგვისტოს წინა დღეების სამხედრო ესკალაციამ აჩვენა, რომ რუსები მიზნად ისახავდნენ სამხრეთ ოსეთში პრო-ქართული ანკლავის განადგურებას, რაც ჰუმანიტარულ კატასტროფას გამოიწვევდა. 8 აგვისტოს შუაღამისას ცნობილი გახდა, რომ სამხრეთ ოსეთში რუსული ტანკების კოლონა შევიდა (უნდა გავითვალისწინოთ, რომ პრო-ქართული ანკლავი სწორედ რუსეთის საზღვრსა და ცხინვალს შორის არსებულ გზაზეა). ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა. გადაწყვეტილება, ცხინვალზე სამხედრო გზით დამყარებულიყო კონტროლი, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეტევის პრევენციის სასოწარკვეთილი მცდელობა იყო. საერთაშორისო დონეზე საქართველოს პრესტიჟისთვის, შესაძლოა, უფრო გონივრული ყოფილიყო, საქართველოს მთავრობას ეცლია რუსეთისთვის თავისი განზრახვის ბოლომდე მიყვანა და შემდეგ მისი საერთაშორისო დაგმობისთვის მოეცადა. უკანა რიცხვით მსჯელობა ადვილია. იმ მომენტში საქართველოს მთავრობამ ჩათვალა, რომ უნდა დაეცვა თავისი ქვეყანა ღია აგრესიისგან. ამავე დროს საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ რუსეთი ვერ გაბედავდა შეუნიღბავი სრულმასშტაბიანი აგრესიის განხორციელებას საქართველოს წინააღმდეგ, რადგან ეს შელახავდა მის საერთაშორისო იმიჯს და გაურთულებდა ურთიერთობას საერთაშორისო თანამეგობრობასთან. აი, ეს ვარაუდი კი ნამდვილ;ად არასწორი აღმოჩნდა. ნამდვილი სამიზნე საუკეთესო ილუსტრაციად იმისა, თუ მართლა რას აკეთებენ რუსები საქართველოში, გამოდგება ქართველების მიერ ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის პილოტის ჯიბეში ნაპოვნი უხამსი ლექსი. ლექსი მტერს დასცინის - ეს ბუნებრივია ომის დროს, თუმცა არც ქართველები და არც ოსები არსად არიან ნახსენებნი: ლექსის თემა რუსების მიერ ნატოს ჯარისკაცების ”დაჩმორებაა”. რა ჰუმანიტარულ რიტორიკასაც არ უნდა იყენებდეს რუსეთი, მისი ნამდვილი ჩანაფიქრია ნატოს წინააღმდეგ პრევენციული დარტყმა, ოღონდ, მიზეზთა გამო, ის საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელდა. მოსკოვი ცდილობს საქართველოს ჭკუა ასწავლოს იმისთვის, რომ ის ღიად და უდრეკად გამოხატავს დასავლეთში ინტეგრაციის მისწრაფებას. რუსეთი თავისი საქციელით ევროპას და ამერიკას ამცნობს, რომ არ დაუშვებს მისი გავლენის სფეროებში სხვა ძალების შეჭრას. გარდა ამისა, რუსეთი ამით მეზობელ ქვეყნებასაც (განსაკუთრებით უკრაინას) უთვლის, რომ ისინი სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის პერიფერია, და ჭკუით უნდა იყვნენ. საკუთრივ საქართველოში კი რუსეთის მთავარი მიზანი არსებული მთავრობის შეცვლაა. გაეროს უშიშროების საბჭოს 8-9 აგვისტოს მოწვეულ საგანგებო სხდომებზე კრიზისის განხილვისას, ამერიკის ელჩმა ზალმაი ხალილზადემ გამოააშკარავა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მიერ კონდოლიზა რაისისთვის ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილი უნდა წავიდესო. ამ გამოსვლამ რუსეთის მხარის აღშფოთება გამოიწვია იმ მოტივით, რომ ის დიპლომატიური საუბრების კონფიდენციალობას ლახავდა. სტრატეგიულად, რუსეთის მიზანია სეპარატისტულ ტერიტორიებზე კონტროლის კონსოლიდაცია და, რაც მთავარია, საქართველოში პრო-რუსული მთავრობის მოსვლა, რომელიც დასავლეთისკენ ყურებას ვეღარასოდეს გაბედავს და არ ეცდება, საქართველო დასავლური სტილის დემოკრატიად აქციოს. რუსეთის შიდა პოლიტიკურ ბაზარზე ეს ყველაფერი უნდა გაიყიდოს, როგორც ნატოზე გამარჯვება: რუს ხალხს ეტყვიან, რომ ამით მორჩა რუსეთის გაუთავებელი დამცირება ”ცივი ომის” შემდეგ. თვით რუსეთის პრეტენზია, რომ ის ოსებს ქართველების ”გენოციდისგან” იცავს, ერთდროულად დასავლეთის მიმბაძველობაცაა და მის მიმართ პროტესტის გამოხატვაც. 1999 წელს ნატოს მიერ სერბიის წინააღმდეგ განხორვილებული სამხედრო ოპერაცია რუსეთმა პირად შეურაცხყოფად მიიღო. რუსულმა პოლიტიკურმა ელიტამ და რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობამ დასავლეთის გადაწყვეტილება, კოსოვოელი ალბანელების დასაცავად ”ჰუმანიტარული ინტერვენცია” განეხორციელებინა, მიიჩნია გეოპოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი აგრესიის გამართლების განსაკუთრებით ცინიკურ მეთოდად. ახლა რუსეთი სამაგიეროს იხდის: ხომ ყველას გვესმის (ეუბნება ის დასავლეთს), რომ პოლიტიკაში ჰუმანიტარულ მოტივებზე ლაპარაკი „რიჟა ბაზარია“? მაგრამ თუ თქვენთვის შეიძლებოდა იმის გაკეთება, რაც ყოფილ იუგოსლავიაში ჩაიდინეთ, ახლა რაღა უფლებით გვიშლით, ჩვენსავე სამეზობლოში იგივე მეთოდები გამოვიყენოთ? სხვა ომი გლობალურად თუ შევხედავთ, ეს ომი სერიოზული კითხვებს სვამს როგორც როგორც დასავლეთის, ისე საქართველოს წინაშე. დასავლეთმა უნდა გადაწყვიტოს, მისაღებია თუ არა მისთვის სტრატეგიული უკანდახევა რუსეთთან ურთიერთობაში, და მზად არის თუ არა ის, აღიაროს რუსეთის უფლება, დომინირებდეს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, თუნდაც იმპერიის ფორმალური აღდგენის გარეშე. საქართველოსთვის კი საქმე რეალური სუვერენიტეტისა და ქმედითუნარიანი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებას ეხება. როგორც ჩანს, რუსეთის გათვლით, საქართველოში ქაოსს უნდა დაესადგურა, ხოლო ხალხი მთავრობას დაპირისპირდებოდა ომის არასწორად წამოწყებისა და დასავლეთის მხარდაჭერის მცდარი მოლოდინისთვის. ამ სცენარით, ხალხს ერთი არჩევანი დარჩებოდა: მხარი დაეჭირა ისეთი მთავრობისთვის, რომელიც ფორმალურად დამოუკიდებელი იქნებოდა, სინამდვილეში კი - რუსეთის სატელიტი. მიუხედავად 12 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილებისა სამხედრო მოქმედების შეწყვეტის შესახებ, ნაადრევია ვთქვათ, მართლაც დამთავრდა თუ არა ომი. ამავე დროს, მიმდინარეობს რთული პოლიტიკური და დიპლომატიური თამაში რუსეთის, საქართველოს, ევროპის, ნატოს და დასავლეთის მონაწილეობით. მაგრამ როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, პარალელურად გრძელდება მორალური ომი, რომელიც სინამდვილეში გადამწყვეტია. ეს არის ომი საქართველოს სულისა და მისი რაობისთვის. რაც არ უნდა მოხდეს ტერიტორიული და სამხედრო-პოლიტიკური კონტროლის თვალსაზრისით, საქართველო თავს უფლებას ვერ მისცემს, წააგოს ეს მთავარი ომი, ხოლო დასავლეთი - წაუყრუოს მას.