პუბლიკაციები  
2009-05-07
ინტერკულტურული განათლება

განათლების ინტერნაციონალიზაცია 21-ე საუკუნის უმნიშვნელოვანეს ამოცანად იქცა არამარტო საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, არამედ სამთავრობო სტრუქტურებისთვისაც. Gგლობალიზაციის პროცესი, საბაზრო ეკონომიკისა და კონკურენტული ბაზრის პირობები განათლების ინტერნაციონალიზაციის მთავარი ფაქტორებია. ასეთ ვითარებაში, საგანმანათლებლო სისტემისა და დაწესებულებების სოციალური პასუხისმგებლობაა, შექმნას ისეთი სასწავლო პროცესი, რომელიც მოამზადებს და გახდის მოსწავლეს კონკურენტუნარიანს საერთაშორისო შრომით ბაზარზე. შესაბამისად, სასწავლო პროცესმა უნდა უზრუნველყოს ისეთი მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელიც მზად იქნება, იცხოვროს მულტიკულტურულ და მრავალფეროვან მსოფლიოში და იმუშაოს მულტიკულტურულ და მრავალფეროვან შრომით დაწესებულებებში. ყოველივე ამის აუცილებელ წინაპირობას კი ინტერკულტურული განათლება წარმოადგენს. შესავალი სოციალური ურთიერთობების შედეგად, ადამიანთა გარკვეული ჯგუფი იზიარებს ერთმანეთის ცოდნას, დამოკიდებულებებს, ღირებულებებსა და რწმენას და აყალიბებს ღირებულებათა იერარქიას. ასე იქმნება კულტურა. თუმცა ღირებულებათა ეს იერარქიაც შესაძლებელია შეიცვალოს დროთა განმავლობაში.