ახალი ამბები
 
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: “ქართული ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები”

ელექტრონულ სივრცეში ქართული ენის სრულფასოვანი ჩართვის მიზნით დაიწყო  ქართული ენის მოდელირება და მასზე დაფუძნებული კომპიუტერული სისტემების შექმნა, ელექტრონული ლექსიკოგრაფიის, ენის დისტანციური სწავლების სისტემების განვითარება, ვრცელი ტექსტური მასალების განთავსება ინტერნეტში და სხვ.

სწორედ ამ საკითხებს მიეძღვნა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც გახსნა არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორმა, ქ-ნმა ლალი ეზუგბაიამ. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე, დიდი ბრიტანეთის ელჩი დენის კიფი, სტუმრები უცხოეთიდან.

ორდღიანი კონფერენციის მიზანი ქართული ენის თანამედროვე ტექნოლოგიებით დოკუმენტირების, კვლევის  პრობლემებისა და მათი დაძლევის გზების ძიება იყო.

საერთაშორისო კონფერენცია არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის ოგანიზატორობით ჩატარდა.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მეცნიერების მოხსენებები თემებზე:
  • იოსტ გიპერტი (ფრანკფურტი, გერმანია) - კავკასიურ ენათა აუდიო და ვიდეორესურსები საინტერნეტო სივრცეში;
  • მანანა თანდაშვილი (ფრანკფურტი, გერმანია) - კავკასიურ ენათა ტექსტური რესურსები საინტერნეტო სივრცეში;
  • მარინე ბერიძე (სამეცნიერო ხელმძღვანელი), დავით ნადარაია, ლია ბაკურაძე, ნარგიზა სურმავა, დარეჯან ჩხუბიანიშვილი, გიორგი ცოცანიძე, მაია ბარიხაშვილი, ნინო ჯორბენაძე, რუსუდან ლანდია (თბილისი, საქართველო) - ქართული დიალექტების კორპუსი (პროექტი “საქართველოს ლინგვისტური პორტრეტი”);
  • კარინა ვამლინგი, მანანა კობაიძე (შვედეთი)- ქართული ენის დისტანციური სწავლების კურსი;
  • თედო უთურგაიძე, ლალი ეზუგბაია, მარიამ მანჯგალაძე, რატი სხირტლაძე (თბილისი, საქართველო) –ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული სისტემა.
ამავე დღეს, პრეზენტაციის შემდეგ, გაიმართა “მრგვალი მაგიდა” შემდეგ სადისკუსიო თემებზე:
  • კორპუსის ლინგვისტიკა;
  • ელექტრონული ლექსიკოგრაფია;
  • ქართული ენის დისტანციური სწავლება - ქართული ენის სახელმძღვანელო.