საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ IX კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დაასრულა. მასთან ერთად, სამინისტრომ მუშაობა დაასრულა საბაზო საფეხურის იმ სახელმძღვანელოების შეფასებაზე, რომლებმაც წინა წლებში გრიფი ვერ მოიპოვეს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით აღჭურვილი და განახლებული იაპონური ცენტრის გახსნის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ მიიღეს მონაწილეობა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სხვადასხვა უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების იდენტიფიცირებისა და განათლების სისტემაში ჩართვის მიმართულებით მუშაობას აქტიურად აგრძელებს.
კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობამ მდგრადი განვითარების 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების კუთხით შეფასებული 165 ქვეყნის მსოფლიო რეიტინგში საქართველომ მდგომარეობა ორი ადგილით გაიუმჯობესა და 56-ე პოზიცია დაიკავა. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ანგარიშის მიხედვით ჩვენი ქვეყანა 58-ე, ხოლო 2017 წელს – 66-ე პოზიციას იკავებდა.
მეცნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროექტის „მეცნიერების კალენდარი – 2021“ განხორციელებას იწყებს. პროგრამა მოიცავს მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილ არაერთ ღონისძიებასა და აქტივობას, მათ შორის - სამეცნიერო თემატიკის კონკურსებს, მასტერკლასებს, გამოფენებს, ლექციებსა და სხვადასხვა სახის შემეცნებით და სახალისო აქტივობებს.
„ინკლუზიური განათლება, ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია“, – ამბობს სპეციალური მასწავლებელი ნინო ცხადიაშვილი, რომელმაც 17 წლის ასაკში ზუსტად იცოდა, რომ ეს იყო პროფესია, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობდა და მთელი გულით შეიყვარებდა.
საქართველოში პროფესიული განათლებისა და პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხუთწლიანი პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ამოქმედდება. ახალ პროგრამასთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა, USAID-ის ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორმა მარიკა ოლსონმა და პროექტის სხვა წარმომადგენლებმა მიიღეს.
ვატიკანში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ვატიკანის კათოლიკური განათლების კონგრეგაციას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
პროფესიულ კოლეჯ „სპექტრში“ საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ბიზნეს სექტორმა, სახელმწიფო ორგანიზაციებმა, საერთაშორისო პარტნიორებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა მიიღეს.