განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს შეხვდა და 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წარმატებულად დაწყება მიულოცა. შეხვედრას მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, ეროვნული ნაკრების მოთამაშეები, მწვრთნელები და ფედერაციის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. ჩვენმა გუნდმა თბილისში შვეიცარია, ხოლო ბელგრადში მსოფლიო გრანდი - სერბეთის ნაკრები დაამარცხა და საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფს სათავეში ჩაუდგა.
მიხეილ ჩხენკელი: „პირველ რიგში გილოცავთ ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის წარმატებულად დაწყებას! შვეიცარიის ნაკრების დამარცხებითა და მსოფლიო კალათბურთის გრანდთან - სერბეთთან გამარჯვებით ქართველ გულშემატკივრებს უდიდესი სიხარული მოგვანიჭეთ. მოუთმენლად ველით ევროპის ჩემპიონატის დაწყებას, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს. სპორტის სასახლე, რომლის მშენებლობაც აქტიურ ფაზაშია, გააჩენს ახალ საკალათბურთო კერას. ბუნებრივია, ევრობასკეტის შემდეგ, ეს კერა სპორტული თვალსაზრისით დატვირთული უნდა იყოს. სპორტული კომპლექსის მომავალს მასობრივი სპორტის განვითარებას ვუკავშირებთ. ამ კუთხით, განსაკუთრებით მნიშნელოვანია სპორტსმენების ჩართულობა, რათა ახალგაზრდა თაობას შევაყვაროთ სპორტი და აქტიურად დავნერგოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი.“