საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა თამარ ქიტიაშვილმა და ეკატერინე დგებუაძემ რესურსცენტრების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ განსახილველ საკითხს პროფესიულ განათლებაში არსებული სიახლეები წარმოადგენდა. რესურსცენტრების წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია პროფესიულ განათლებაში ზოგადსაგანმანათლებლო კომპონენტის ინტეგრირების მიზნების, მიდგომისა და დანერგვის მიმდინარეობის შესახებ.
თამარ ქიტიაშვილი დამსწრე საზოგადოებას „პროფესიული განათლების შესახებ“ ახალი კანონის შესახებ ესაუბრა, რომლის მიხედვითაც იქმნება შესაძლებლობა, საბაზო განათლების მქონე სტუდენტებმა პროფესიული და ზოგადი განათლება ინტეგრირებულად მიიღონ.
მიმდინარე წელს, პროფესიული განათლების სისტემა პირველად მიიღებს სტუდენტებს, რომლებსაც პროფესიის შესწავლის პარალელურად, ზოგად განათლებასაც შესთავაზებს. განათლების სამინისტრო, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ასრულებს მოსამზადებელ ფაზას, რომელიც 2016 წლიდან მიმდინარეობს. აღნიშნული ინიციატივის დანერგვისთვის შექმნილია შესაბამისი საკანონმდებლო-მარეგულირებელი საფუძვლები და აქტიურად მიმდინარეობს საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების განვითარება.
ბოლო 15 წლის განმავლობაში სავალდებულო საბაზო განათლების (9 კლასი) დასრულების შემდეგ, მოზარდებს ორი არჩევანი ჰქონდათ სწავლა გაეგრძელებინათ საშუალო საფეხურზე, ან პროფესიული განათლების მიმართულებით, რომელიც მათ მხოლოდ პროფესიისთვის ამზადებდა. „პროფესიული განათლების შესახებ“ ახალი კანონის ფარგლებში კი, ამგვარი პროგრამების ხანგრძლივობა 3 წელი იქნება, რომელთა კურსდამთავრებულებიც სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომებს მიიღებენ.
მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს განუმარტა, რომ ინტეგრირებული პროგრამების განხორციელებას 2020 წლის გაზაფხულზე 7 კოლეჯი დაიწყებს, ხოლო საშემოდგომო მიღებისთვის მასშტაბი გაფართოვდება და მომდევნო წლებში სისტემურ სახეს მიიღებს.