კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებები
კორონავირუსის პრევენციის მიზნით ქვეყანაში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის თანახმად, სწავლა-სწავლების პროცესის შეუფერხებლად განხორციელებისთვის მთავრობას მიეცა უფლება განესაზღვრა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“, „ზოგადი განათლების შესახებ“, „პროფესიული განათლების შესახებ“, „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი წესისაგან განსხვავებული წესები და პირობები.
პრეზიდენტის დეკრეტის გათვალისწინებით, , მთავრობამ გამოსცა დადგენილება საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, რომელშიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით შემდეგი პუნქტებია გათვალისწინებული:
- საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2020 წლის 21 აპრილამდე შეჩერდეს სასწავლო პროცესი. ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებმა აღნიშნული განხორციელოს დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში).
- 2020 წლის 21 აპრილამდე საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ადმინისტრაციები გადავიდნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე (კრიტიკულად მნიშვნელოვანი აუცილებლობის გარდა).
- იკრძალება ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია, სემინარი, გარდა დისტანციური ფორმისა.
- ავტორიზაციისა და აკრედიტაციის დებულებებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოებების, ასევე პროფესიული მომზადების და პროფესიული გადამზადების და პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დისტანციურად, კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ვადები შეჩერებულად ჩაითვალოს საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე.
- იკრძალება ყველა ტიპის კულტურული ღონისძიების ჩატარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, მათ შორის, კონცერტები, სპექტაკლები, დროებითი და მუდმივი გამოფენები, რეპეტიციები, გასტროლები, მასტერკლასები, ტრენინგები და კონფერენციები, გარდა დისტანციური ფორმისა.
- იკრძალება ყველა ტიპის მასობრივი სპორტული ღონისძიება, მათ შორის, შეჯიბრი, სასწავლო-საწვრთნელი პროცესი/შეკრება, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, სპორტის თემასთან დაკავშირებული ყველა ტიპის ტრენინგი, სემინარი ან/და კონფერენცია, გარდა დისტანციური ფორმისა.