51-ე სკოლაში საკალათბურთო ჩემპიონატი ჩატარდა
16.06.2010
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტის  ფარგლებში, რომელიც სკოლებში ფიზიკური კულტურის გაკვეთილების სპორტის გაკვეთილებით ჩანაცვლებას ითვალისწინებს თბილისის 51-ე საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში კალათბურთის საფინალო მატჩი ჩატარდა VII და VIII კლასებს შორის, საბაზო საფეხურის ჩემპიონის გამოსავლენად. თამაშში მონაწილეობა  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სკოლის დირექტორმა დავით ლაგვილავამ მიიღეს.

რეფორმის ფარგლებში, 51-ე საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის ფიზიკური კულტურის გაკვეთილები სპორტის გაკვეთილებით შეიცვალა, ბიჭებში-კალათბურთით, გოგონებში-ფრენბურთით. ჩატარდა სასკოლო ჩემპიონატები ორივე საფეხურზე, გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდებიც, რომლებიც საქალაქო ან რესპუბლიკური ჩემპიონატის ჩატარების შემთხვევაში,  თბილისის 51-ე საჯარო სკოლას წარმოადგენენ. ახალი სასწავლო წლიდან დაგეგმილია დაწყებით საფეხურზე მხატვრული ტანვარჯიშისა და კარატეს გაკვეთილების შემოტანა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად, სკოლებში ფიზიკური კულტურის გაკვეთილების სპორტის გაკვეთილებით ჩანაცვლების პროექტის განხორციელება  2009-2010  სასწავლო წლის III ტრიმესტრიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე შეირჩა 50 საპილოტე სკოლა, ხოლო სექტემბრიდან სპორტის გაკვეთილები ყველა სკოლაში იქნება დანერგილი.

51-ე საჯარო სკოლაში  2254 მოსწავლე სწავლობს. სკოლა აქტიურადაა ჩართული საგნობრივ ეროვნულ ოლიმპიადებში სკოლას წელს ჩვიდმეტი მედალოსანი ჰყავს, აქედან 6 ოქროს და 11 ვერცხლის.