საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ”საქართველოს საგანმანათლებლო ალიანსის” მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო სახელწოდებით - ”საზოგადოების თვალით დანახული განათლების რეფორმა - გამოწვევები და ინიციატივები”
კონფერენციის მიზანი იყო საგანმანათლებლო სივრცეში განხორციელებული სიახლეების ანალიზი და შეფასება, მიმდინარე რეფორმებისადმი საზოგადოების დამოკიდებულების განსაზღვრა და ახალი ინიციატივების განხილვა. მრავალფეროვანი იყო თემები, რომელსაც კონფერენციის მონაწილეები შეეხნენ: უსაფრთხო სკოლა, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, ეთიკისა და ქცევის კოდექსები და სხვ.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს: განათლების პროფესიული სინდიკატის პრეზიდენტმა ტატო შავშიშვილმა, განათლების ლიდერთა ლიგის თავმჯდომარემ გია მურღულიამ და 500 სკოლის დირექტორმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. კონფერენციაზე ასევე მოწვეულნი იყვნენ დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
შეხვედრის ინიციატორის ”საქართველოს საგანმანათლებლო ალიანსის” წევრები არიან: განათლების პროფესიული სინდიკატი, განათლების ლიდერთა ლიგა, პარტნიორ სკოლათა და მასწავლებელთა კავშირი, საგანმანათლებლო კვლევებიდა და პროფესიული განვითარების ცენტრი, განათლების ინსტიტუტი.