თბილისში ახალი სკოლა ამოქმედდება
22.06.2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა  მესამე საფეხურის (X-XII კლასები) კერძო სკოლა ”ლოგოსი” გახსნა. სკოლა, რომელიც მაღალი რანგის პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული, ფუნქციონირებას ახალი სასწავლო წლიდან დაიწყებს. სკოლის პრიორიტეტი ყველა მოსწავლისადმი ინდივიდუალური მიდგომა და მოზარდის რეალური ცხოვრებისათვის მომაზადებაა.

სკოლა დაამკვიდრებს მართვის, ინტელექტუალური განვითარებისა და აღზრდის თანამედროვე მმართველობით და პედაგოგიურ პრინციპებს, რომლებიც დაეფუძნება, როგორც ეროვნულ, ისე მსოფლიო  საგანმანათლებლო გამოცდილებას.

ახალი სასწავლებელი მოწოდებულია არა მხოლოდ მაღალი ხარისხის განათლება მისცეს მოსწავლეებს, არამედ მათში ჩამოაყალიბოს და განავითაროს ისეთი უნარები და პიროვნული თვისებები, როგორიცაა: ნებისყოფა, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების კულტურა, გონებრივი შრომის კულტურა.

 სკოლა უდიდეს ყურადღებას მიაქცევს მოზარდებში შემოქმედებითი უნარების განვითარებას. მისცემს მათ მრავალმხრივ ზოგად განათლებას   და საფუძვლიანად მოამზადებს უმაღლესი განათლების მისაღებად. 

მუდმივი კონკურენციის პირობებში, დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთი სასაწავლო დაწესებულებების სიმრავლეს, იზრდება როგორც კერძო, ასევე საჯარო  სკოლების მოტივაცია და სწრაფვა გახდნენ წარმატებულები და მიმზიდველები მომავალი თაობის აღზრდის საკითხებში.