საუნივერსიტეტო საკალათბურთო ლიგა დაარსდა
24.06.2010
საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თსუ-ს  მაღლივი კორპუსის ახალი  სპორტული დარბაზი გახსნა და საუნივერსიტეტო საკალათბურთო ლიგის დაარსების შესახებ განცხადება გააკეთა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ხუბუა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და  კალათბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, თსუ-ს ბაზაზე საუნივერსიტეტო საკალთბურთო ლიგა შეიქმნა. ლიგაში ექვსი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების გუნდი გაერთიანდება.

დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ახალი სპორტული სეზონიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  კალათბურთში საუნივერსიტეტო ჩემპიონატს  დააფინანსებს. უნივერსიტეტები ერთმანეთს ჯანსაღი კონკურენციის პირობებში შეეჯიბრებიან და ამით აღადგენენ მრავალწლიან საუნივერსიტეტო სპორტულ ტრადიციას.

მნიშვნელოვანი უწოდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივას კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ. მისი განმარტებით, მომავალში სწორედ პროფესიული ლიგის წევრებიდამ მოხდება  კალათბურთში საქართველოს ნაკრების დაკომპლექტება.

თსუ-ს უკვე ჰყავს საქართველოს ვიცე-ჩემპიონი საკალათბურთო გუნდი და ასევე ფრენბურთში საქართველოს ჩემპიონი გოგონათა გუნდი. სპორტსმენი სტუდენტები ამიერიდან თანამედროვე სტანდარტების სპორტულ დარბაზში ივარჯიშებენ, რომელიც უნივერსიტეტის რესურსებით გაკეთდა და საჭირო ინვენტარით აღიჭურვა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ,,საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარების” პროგრამის ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. თსუ-ს სასწავლო კორპუსებშიც.