ქალ მოჭადრაკეთა შორის საქართველოს 77-ე ჩემპიონატი გაიხსნა
21.07.2020

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ქალთა შორის საქართველოს 77-ე საჭადრაკო ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა. ჩემპიონატში ქვეყნის თითქმის ყველა წამყვანი მოჭადრაკე იღებს მონაწილეობას.

გახსნის ცერემონიას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე მოქმედ და ვეტერან მოჭადრაკეებთან ერთად დაესწრნენ.

ჩემპიონატის გახსნის პარალელურად, ვერის ბაღში ჭადრაკის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ასევე გაიმართა წიგნის „წარმატება წლიდან წლამდე“ (ავტორები: გია გიორგაძე, დავით გურგენიძე, ელენე ბილიხოძე, სოფო ნიკოლაძე) პრეზენტაცია. წიგნში თავმოყრილია ქართული ჭადრაკის წარმატებები 2008 წლიდან 2019 წლამდე.

საჭადრაკო ჩემპიონატის მხარდამჭერია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ჩემპიონატი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების სრული დაცვით ტარდება. სათამაშო დარბაზში შესვლამდე მონაწილეებს უტარდებათ თერმოსკრინინგი. სათამაშო სივრცეში მოთამაშეების გარდა მხოლოდ მსაჯების ყოფნაა დაშვებული. დარბაზი რეგულარულად და ეფექტურად ნიავდება. საქართველოს პირველობა 30 ივლისს დასრულდება.