საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ნაშრომების გასწორების პროცესს დაესწრო. საგამოცდო ნაშრომების გასწორების პროცესზე დაკვირვების საშუალება მედიის წარმომადგენლებსაც მიეცათ.
ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ნაშრომების გასწორების პროცესი 5 ივლისს დაიწყო.
საგამოცდო ნაშრომები პირველად 2008 წელს ქართველი სპეციალისტების მიერ შექმნილი კომპიუტერული პროგრამით გასწორდა. ამ სიახლემ შესაძლებელი გახადა გასწორების პროცესში საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენლების ჩართვა საკუთარი რაიონიდან გაუსვლელად.
2010 წელს, ისევე როგორც 2009 წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის გამსწორებლები კონკურსის წესით შეირჩნენ – გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა წელს კონკურსის შედეგად ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ისტორიისა და გეოგრაფიის გამსწორებლები შეარჩია.
საგამოცდო ნამუშევრებს 600–ზე მეტი გამსწორებელი გაასწორებს საქართველოს 20-ზე მეტი ქალაქიდან და რაიონიდან (ქუთაისი, ამბროლაური, გურჯაანი, საგარეჯო, წალენჯიხა, რუსთავი, ხულო, ახალციხე, ხონი, ოზურგეთი, ბათუმი, ბაღდათი, ზესტაფონი, სამტრედია, ბორჯომი, თიანეთი, თელავი, გორი, ხაშური, კასპი, მცხეთა, თბილისი)