სკოლებში სადამრიგებლო საათის პროგრამა ამოქმედდება
07.07.2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და  ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ საჯარო სკოლების 150-მდე კლასის დამრიგებელთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. მინისტრმა პედაგოგებთან ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სიახლეებზე,  კონკრეტულად,  ახალ სადამრიგებლო პროგრამაზე  ისაუბრა.

ახალი სასწავლო წლიდან სკოლაში შემოვა "სადამრიგებლო საათის პროგრამა I-IV კლასის მოსწავლეთათვის". აღნიშნული პროგრამა გათვალისწინებულია დაწყებითი კლასის სადამრიგებლო საათისთვის. ის  მოიცავს დამრიგებლის მუშაობის მიზანს, მუშაობის პრინციპებს, რეკომენდაციებს სადამრიგებლო პროგრამის განხორციელებისათვის, დაწყებითი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ თავისებურებათა დახასიათებას, სადამრიგებლო საათის თემებს, ნიმუშებსა და სასარგებლო რესურსებს.

ყველა კლასის დამრიგებელი, ”სადამრიგებლო საათის” ფარგლებში, მინიმუმ კვირაში ერთხელ ბავშვებს ჩაუტარებს გაკვეთილს მოზარდებისთვის აქტუალურ და საინტერესო თემატიკაზე. მათ შორის ისეთ თემებზე, როგორიცაა: ცხოვრების ჯანსაღი წესი -  პირადი ჰიგიენა, სასარგებლო საკვები, დღის რეჟიმი, სპორტის მნიშვნელობა, მავნე ჩვევების საფრთხე; მორალური განვითარება - ურთიერთობა თანატოლებთან და უფროსებთან, ეტიკეტი; მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება - ჩემი ეზო, ჩემი სკოლა, ჩემი სამშობლო,  გამოჩენილი პიროვნებები, მნიშვნელოვანი მოვლენები, ტრადიციები, წესები და კანონები; გარემოს და ბუნების მოფრთხილება; თვალსაწიერის გაფართოება - ხელოვნების, ტექნოლოგიური და ინტელექტუალური მიღწევების მნიშვნელობა და სხვ.

ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა აღნიშნული პროგრამის გაცნობის მიზნით, ფოკუს-ჯგუფები ჩაუტარა თბილისის რამდენიმე სკოლის დამრიგებელს, რომელთაც გამოთქვეს მოსაზრება, რომ პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის და იქნება კარგი დამხმარე რესურსი შემდგომი მუშაობისთვის.