საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა 2018-2020 წლების ტურინის პროცესის აღმოსავლეთ პარტნიორობის შემაჯამებელ რეგიონალურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ონლაინ კონფერენცია 16-17 სექტემბერს განათლების ევროპული ფონდისა (ETF) და ევროკომისიის ორგანიზებით გაიმართა, სადაც წარმოდგენილი და განხილული იქნა ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით არსებული ეროვნული ტენდეციები, ამ მიმართულებით პარტნიორი ქვეყნების მიღწევები და გამოწვევები, დაისახა პრობლემების გადაჭრის გზები.
ტურინის პროცესი ეს არის მონაცემებზე დაფუძნებული პროფესიული განათლების პოლიტიკის, სისტემის და ადამიანური კაპიტალის განვითარების ანალიზი, რომელიც განათლების ევროპული ფონდის (ETF) მიერ 2010 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ,,ტურინის პროცესი“ აფასებს მონაწილე ქვეყნების პროგრესს პროფესიული განათლების რეფორმირების კუთხით და აყალიბებს რეკომენდაციებს შემდგომი პოლიტიკის მხარდაჭერისათვის. გარდა ამისა, ტურინის პროცესი მნიშვნელოვანია რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე არსებული გამოცდილების გაზიარების კუთხით.
საქართველოში ტურინის პროცესის განხორციელებას კოორდინირებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტი უწევს.