”ახალგაზრდობა უდანაკარგოდ” - ნახატების გამოფენა გაიმართა
10.07.2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ მთაწმინდის პარკში მოსწავლეთა ნახატების გამოფენა დაათვალიერეს და კონკურსში  ”ახალგაზრდობა უდანაკარგოდ” გამარჯვებული ნახატების ავტორები  დაასაჩუქრეს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და  პროკურატურის მიერ 2010 წელი არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისა და უსაფრთხო სკოლის წლად არის გამოცხადებული.  აღნიშნული კამპანიის ფარგლებში,  მთელი წლის განმავლობაში მოსწავლეთა მონაწილეობით სკოლებში არაერთი დისკუსია, კონკურსი და სპორტული შეჯიბრება გაიმართა, ჩატარდა კონკურსი კამპანიის დევიზის გამოსავლენად, გამარჯვებული დევიზის მიხედვით გამოცხადდა ნახატების კონკურსი თემაზე: “ახალგაზრდობა უდანაკარგოდ”.

კონკურსი საქართველოს ყველა რეგიონში რამდენიმე ეტაპად ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს VIII-XII კლასის მოსწავლეებმა, ნაშრომები ძირითადად არასრულწლოვანთა შორის ძალადობის, დანის გამოყენებისა და ზოგადად არასრულწლოვანთა დანაშაულს ეხება.

რეგიონულ ეტაპზე გამარჯვებული ნახატებიდან 50 საუკეთესო ნახატი გამოვლინდა, მათგან სამსს I, II  და III ადგილების მფლობელებს ნეტბუქები გადაეცათ. კონკურსის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სიგელებით.  

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბავშვთა სახლების მოსწავლეები,  ფუნქციონირებდა უფასო ატრაქციონები, დასასრულს გაიმართა კონცერტი.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და  პროკურატურის ერთობლივი კამპანიის ფინანსური მხარდამჭერია გაეროს ბავშვთა ფონდი.