საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ნაწილაკების ფიზიკის საერთაშორისო საინფორმაციო ჯგუფთან (IPPOG) ითანამშრომლებს
05.10.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ნაწილაკების ფიზიკის საერთაშორისო საინფორმაციო ჯგუფს (IPPOG) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ხელმომწერები მინისტრი მიხელ ჩხენკელი და IPPOG-ის თავმჯდომარეები, დოქ. სტივენ გოლდფარბი და პროფ. პედრო აბრეუ, არიან.

ნაწილაკების ფიზიკის საერთაშორისო საინფორმაციო ჯგუფი (IPPOG) წარმოადგენს CERN-ის სასწავლო-საგანმანათლებლო კოლაბორაციას, რომლის მიზანია სამეცნიერო ცხოვრების პოპულარიზაცია და სამეცნიერო აღმოჩენებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების ფართო საზოგადოებამდე მიტანა. IPPOG-ის ქსელში ჩართული არიან მეცნიერები, პროფესორ-მასწავლებლები და კომუნიკაციის სპეციალისტები, რომლებიც მთელ მსოფლიოში მუშაობენ არაფორმალური მეცნიერების სწავლებისა და ნაწილაკების ფიზიკის საკითხებზე.

IPPOG-თან (International Particle Physics Outreach Group) გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე საქართველოს ყველა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას მიეცემა შესაძლებლობა, ჩაერთოს კოლაბორაციის საქმიანობაში.

IPPOG-ის თავის საქმიანობას ახორციელებს CERN-ის – როგორც საერთაშორისო ლაბორატორიის ბაზაზე, ამ ეტაპზე თანამშრომლობს 26 ქვეყანასთან და მუშაობს 6 ექსპერიმენტულ პროექტზე.