განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე ”თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრს” ეწვია, სადაც წარმატებული კურსდამთავრებულები, პროფესიული სტუდენტები და პედაგოგები დაჯილდოვდნენ და მათი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.
2007 წელს დაფუძნებული ”თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრი” პროფესიული სწავლების სახელობო-საგანმანათლებლო სახელმწიფო პროგრამას ახორციელებს. გარდა ამისა, ცენტრში ფასიანი სწავლების ჯგუფებიც ფუნქციონერებს ინფორმაციული-ტექნოლოგიების მიმართულებებზე.
2009-2010 სასწავლო წელს, ცენტრის 321 სტუდენტიდან საკვალიფიკაციო გამოცდები ჯერჯერობით 225 სტუდენტმა ჩააბარა. ნაწილი გამოცდების ჩაბარებას, ნაწილიც სწავლას აგრძელებს. ცენტრის კუსრდამთავრებულებს დასაქმების დიდი შანსი აქვთ, რადგან გასული სასწავლო წლის ნაკადიდან, ამ ეტაპზე, 52 კურსდამთავრებულია დასაქმებული.
”თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრი” თანამშრომლობს ისეთ კერძო კომპანიებთან, როგორიცაა “მშრალი მშენებლობა” სისტემების მწარმოებელი ფირმა “კნაუფი”, “შვარცკოფი”, “კაპაროლი”, შპს სამკერვალო “მაუდი”, შპს “ჰ.ი.ჯ.ე.”-ის, შპს “ჰასკო+”, შპს “სტამბა სეზანი”, შპს “საქართველოს მაცნე”, შპს “სტამბა-96”. გარდა ამისა, დევნილთა მომზადება-გადამზადების ერთობლივი ახალი პროგრამების შექმნაზე ცენტრსა და აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ხელმოწერილია მემორანდუმი, რათა აფხაზეთის მთავრობის შეხედულებისამებრ ახალი სპეციალობები დაინერგოს.
ცენტრის უცხოელ პარტნიორებს ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ესტონეთის ქ. ნარვის პროფესიული სწავლების ცენტრი და ორგანიზაცია სოს “ბავშვთა სოფელი” წარმოადგენს.