პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში ონლაინ კონფერენცია „ახალი აქტუალური კვლევები ჰუმანიტარული მიმართულებით – ფონდის მიერ დაფინანსებული გამოცემების პრეზენტაცია“ გაიმართა
12.11.2020

პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით გაიმართა ონლაინ კონფერენცია „ახალი აქტუალური კვლევები ჰუმანიტარული მიმართულებით – ფონდის მიერ დაფინანსებული გამოცემების პრეზენტაცია“.

კონფერენციაზე მომხსენებლებმა 2019 წლის საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში გამარჯვებული ჰუმანიტარული, ქართველოლოგიური სამეცნიერო პროექტების ხელმძღვანელებმა პრეზენტაციები წარადგინეს და მათი სამეცნიერო ნაშრომების აქტუალობაზე, ძირითად ასპექტებსა და მიზნებზე ისაუბრეს.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო პროექტები:

  • „დიმიტრი თუმანიშვილი – XX საუკუნის ქართული ხელოვნება და მისი ისტორიული კონტექსტი“ (პროექტის ხელმძღვანელი ნინო ჭოღოშვილი);
  • „ქართული ეროვნული სამოსის ილუსტრირებული ცნობარი“ (ხელმძღვანელი ნინო დოლიძე);
  • „კოლხური გვარსახელის გენეზისი მრუდე სარკეში“ (ხელმძღვანელი დავით ჭითანავა);
  • „საქართველოს მოწყვეტილი კუთხეებისა და XVII-XIX საუკუნეებში გადასახლებულ ქართველთა ხალხური მუსიკის შესწავლის პრობლემები“ (ხელმძღვანელი გიორგი კრავეიშვილი);
  • „საქართველო VIII საუკუნეში - პოლიტიკური ისტორია“ (ხელმძღვანელი ლერი თავაძე);
  • „ლუდვიგ ვიტგენშტაინი - ლოგიკო-ფილოსოფიური ტრაქტატი“ (ხელმძღვანელი დავით გაბელია);
  • „დადიანების სასახლეების საგანძური“ (ხელმძღვანელი გიორგი კალანდია).

კონფერენციაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები, მეცნიერები, პედაგოგები. კონფერენცია ინტერაქციულ რეჟიმში ჩატარდა, გაიმართა დისკუსია, მომხსენებლებმა მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხეს.