პროფესიული კოლეჯის „ჰორიზონტი“ გორაბერეჟოულის ფილიალის მშენებლობა დასრულდა
17.11.2020

გურიის რეგიონში, ჩოხატაურში, გორაბერეჟოულის ისტორიული პროფესიული სასწავლებლის ტერიტორიაზე კოლეჯ „ჰორიზონტის“ ფილიალის მშენებლობა დასრულდა. ამჟამად შენობის თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით აღჭურვის პროცესი მიმდინარეობს.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასწავლებელი 100 სტუდენტზეა გათვლილი და იგი 2021 წლიდან მიიღებს პროფესიულის სტუდენტებს როგორც რეგიონისთვის პრიორიტეტული სოფლის მეურნეობის დარგების – მევენახეობის, მეფუტკრეობის, სატყეო საქმის, ასევე, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებების სადიპლომო პროგრამებზე. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება სოფლის მეურნეობისა და კვების პროდუქტების გადამუშავების კუთხით მოკლევადიან მომზადება-გადამზადების კურსებსაც განახორციელებს.

გორაბერეჟოულის კოლეჯი ახალ სიცოცხლეს შესძენს ადგილს, სადაც 1924 წლიდან ფუნქციონირებდა პროფესიული განათლების ერთ-ერთი პირველი კერა საქართველოში – სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი და ხელს შეუწყობს რეგიონში მრავალპროფილიანი, კვალიფიციური კადრების მომზადებასა და მათ პროფესიულ გადამზადებას, რაც სოფლის მეურნეობის დარგების სწრაფი განვითარებისთვის მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს.