საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ქართველი კინორეჟისორისა და კინოოპერატორის, ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.
ალექსანდრე რეხვიაშვილი იყო კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ და ასწავლიდა რეჟისურას შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში.
არის დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი ფილმებისა: „ნუცა“, „გზა შინისაკენ“, „საფეხური“, „მიახლოება“, „XIX საუკუნის ქართული ქრონიკა“, „რამაზ ჩხიკვაძე“ , „ფიროსმანი“, „ალავერდობა“ და სხვა.
ალექსანდრე რეხვიაშვილი არაერთი ჯილდოს და პრიზის მფლობელია, მათ შორის: კინოფესტივალის გრან-პრი, კინოპრესის საერთაშორისო ფედერაცია „ფიპრესის“ პრიზი, მიუნხენის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრიზი. არის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და ღირსების ორდენის კავალერი.