საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეწვია. პრეზიდენტი უწყების ხელმძღვანელს დიმიტრი შაშკინსა და სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე განათლების სფეროში არსებულ ვითარებაზე, მიმდინარე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. პრეზიდენტმა მოიწონა სამინისტროს თანმიმდევრული პოლიტიკა და ის რეფორმები, რომელიც სისტემაში განხორციელდა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, არ შეიძლება მიღწეულით დაკმაყოფილება, ვინაიდან სისტემა ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ აკმაყოფილებს იმ თანამედროვე გამოწვევებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას: ”არსებითად ჩვენ გვჭირდება განათლების სისტემის სერიოზული მოდერნიზაცია. პირველ რიგში, ეს არის დიდი აქცენტების გაკეთება ტექნიკურ დარგებზე, საქართველოს მომავალი - ეს პირველ რიგში საინჟინრო დარგების განვითარებაა” - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა იმ სიახლეებზე, რაც სამომავლოდ დაგეგმილია სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად. მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა როგორც სკოლების კომპიუტერიზაციაზე, ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიების ფლობის უნარების განვითარებაზე, ზოგადად სასკოლო სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე, მისი გაუმჯობესების გზებზე, პედაგოგთა სერტიფიცირებასა და ხელფასების ზრდის პერსპექტივებზე, უცხო ენების სწავლების გაძლიერებაზე.
”განათლება - ეს არის ჩვენი ქვეყნის ყველაზე სტრატეგიული პრიორიტეტი, მთლიანობაში მინდა გითხრათ, რომ განათლების სამინისტროს მუშაობას როგორც მთავრობა, ასევე საზოგადოება ძალიან მაღალ დონეზე აფასებს, ყველა თავისი ხარვეზებით და შუქ-ჩრდილებით, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ვხედავთ მწყობრ პროგრამას, თუ რა უნდა გაკეთდეს, დიდი დებატების შემდეგ გავედით ნიშნულზე, თუ რა არის გასაკეთებელი უახლოესი თვეებისა და წლების განმავლობაში, გისურებთ წარმატებებს!” აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
დასასრულს პრეზიდენტმა ღირსების ორდენები გადასცა სამინისტროს წარმატებულ თანამშრომლებს.