საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, მუსიკალური პროექტის „ქუჩის მუსიკოსების ფესტივალი“ ონლაინ ფორმატში ჩატარდა. ქუჩის მუსიკოსებისა და საზოგადოებისათვის ცნობილი შემსრულებლების მონაწილეობით ერთობლივი კონცერტის ნახვა მაყურებელს საზოგადოებრივი მაუწყებლის საახალწლო ეთერში შეეძლო.
ფესტივალის მონაწილეებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიმართა და სამინისტროს ინიციატივა გააცნო:
მიხეილ ჩხენკელი: „მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა მოგესალმოთ „ქუჩის მუსიკოსების ფესტივალის“ მონაწილეებს. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ პანდემიით განპირობებული გამოწვევების მიუხედავად, ერთობლივი ძალისხმევით, მოხერხდა ქვეყანაში კულტურული ცხოვრების შენარჩუნება, გამრავალფეროვნება და ახალი იდეების მხარდაჭერა. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, ფესტივალის სამ მონაწილეს საშუალება ექნება, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიაროს ორთვინი სპეციალური კურსი გიტარის კლასში. მე ვიცი, რომ თქვენ ამის დიდი სურვილი გქონდათ.
ვფიქრობ, ამგვარი სოციალური პროექტების მნიშვნელობა უდიდესია არამხოლოდ კულტურული ცხოვრების გააქტიურების მიზნით, არამედ ქუჩის მუსიკოსებისთვის მოტივაციის ამაღლების, მათი შემოქმედებითი ასპარეზის გახსნისა და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის თვალსაზრისით. მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი გუნდი ყოველთვის იდგება ნიჭიერი ხელოვანების გვერდით და ძალისხმევას არ დაიშურებს მათთვის სხვადასხვა საინტერესო შესაძლებლობის მხარდაჭერისა და მათი შემოქმედების პოპულარიზაციისთვის. წარმატებებს ვუსურვებ ფესტივალის თითოეულ მონაწილეს“.
სპეციალურად ფესტივალისთვის პროექტის იდეის ავტორმა, კომპოზიტორმა დავით ევგენიძემ შეარჩია ქუჩის მუსიკოსები, რომელთა შემოქმედების გაცნობა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „მუსიკის 12 მოციქული“ მიმდინარეობდა.
ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდაჭერით ჩატარდა. პროექტის ორგანიზატორია „ხელოვნების ფაბრიკა“.