გამოცდები - 2010 დასრულდა
23.07.2010

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა გამოცდების დასრულებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს. წელს პირველად საქართველოში გამოცდები სამი მიმართულებით მიმდინარეობდა - აბიტურიენტების, საერთო სამაგისტრო გამოცდა და  პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები. სამივე მიმართულებით გამოცდებმა დარღვევების გარეშე ჩაიარა.

დიმიტრი შაშკინმა აღნიშნა, რომ 2010 წლის გამოცდები ტრადიციულად მაღალორგანიზებულობით გამოირჩეოდა, რისთვისაც მადლობა გადაუხადა  გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს მაია მიმინოშვილს, ეროვნული ცეტრისა და 12-ივე საგამოცდო ცენტრის თანამშრომლებს. მინისტრმა წარმატებები უსურვა აბიტურიეტებს, პედაგოგებსა და მაგისტრანტობის მსურველებსაც.

მაია მიმინოშვილის განცხადებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 36421 აბიტურიენტი დარეგისტრირდა, გამოცდებზე მათი 97% გავიდა, გამოცდიდან არცერთი აბიტურიენტი არ მოხსნილა. მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხო ენისა და მათემატიკის  13 582 პედაგოგი დარეგისტრირდა,  მათგან გამოცდაზე  10 003  გავიდა, სულ 75%. საერთო სამაგისტრო გამოცდაში 7000-მა მსურველმა მიიღო მონაწილეობა.

2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები მიმდინარე წლის 10 აგვისტოსთვის იქნება ცნობილი. შედეგების ეტაპობრივი გამოცხადება 24 ივლისიდან დაიწყება. მასწავლებელთა  და მაგისტრანტთა გამოცდების  შედეგები კი, სავარაუდოდ, აგვისტროს შუა რიცხვებში გამოცხადდება.

დასასრულს, მაია მიმინოშვილმა გამოცდების ჩატარების პროსეცში გამოცდების ეროვნულ ცენტრისადმი გაწეული დახმარებისთვის, მადლობა სხვადასხვა უწყებას  გადაუხადა.